ვაშაძე – ქვეყნის მთლიანი ვალი 33 მილიარდს აჭარბებს, შეიძლება მალე „შავ სიაში“ შეგვიყვანონ

მივმართავ “ქართული ოცნების” დეპუტაციას, ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნებულობის გარეშე, მზად ვარ, დავჯდე ნებისმიერთან, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვიხსნათ უმძიმესი ვალის უღლისგან, რომელიც თქვენ დაადეთ მათ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყნის მთლიანი ვალი 33 მილიარდს აჭარბებს. ვაშაძე გამოდის ინიციტივით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც დაადგენს, რაში დაიხარჯა აღებული თანხები და იმუშავებს სტრატეგიაზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს ქვეყნის ვალი.

მისი თქმით,“სტრატეგია აღმაშენებელს“ ამ საკითხზე კონკრეტული ხედვა აქვს.

„ამ ვალიდან 25 მილიარდი არის აღებული „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველოს არაფერი ეტყობა 25 მილიარდი ლარის გაკეთებული, ქვეყანამ გადააჭარბა კრიტიკულ ზღვარს და ძალიან მალე შეიძლება შეგვიყვანონ „შავ სიაში“, რაც ნიშნავს იმას, რომ ვალსაც კი ვერ ავიღებთ კრიტიკულ პირობებში რომ დაგვჭირდეს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანა არის ფაქტობრივად, ბანკროტი და ჩვენ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაგვიგროვეს 9000 ლარი ვალი, ასე გაგრძელება შეუძლებელია. იმისათვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, თავი დავიხსნათ ამ ვალებისგან, გამოვდივართ ინიციატივით, ყველას, ვისაც გული შესტკივა ამ საკითხზე, ვინც ფიქრობს, რომ ამდენი ვალების აღება არის უკანონო და უსამართლო, შევქმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, დავსხდეთ ერთად და შევიმუშავოთ სტრატეგია როგორ შევამციროთ ვალი, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ წავიდეთ წინ. პირველ რიგში მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტაციას, ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნებულობის გარეშე, მზად ვარ, დავჯდე ნებისმიერთან, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვიხსნათ ამ უმძიმესი ვალის უღლისგან, რომელიც თქვენ დაადეთ მათ.

გთავაზობთ, დავსხდეთ ერთად ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა ექსპერტს, ყველა ეკონომისტს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სამშობლო უყვარს. თუ ჩვენ დღეს არ გადავარჩინეთ ქვეყანა გაბანკროტებისგან, ხვალ და ზეგ შეიძლება უბრალოდ, დეფოლტი გამოცხადდეს ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ განულდება ყველაფერი რაც გვაქვს, ჩვენი ქონება ფასს დაკარგავს, სამუშაო ადგილებს დავკარგავთ, ყველაფერს დავკარგავთ ქვეყანაში,”- განაცხადა ვაშაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიწყალტუბოში სასტუმრო “არგოში” შეჭრისა და მისი მფლობელის ცემისთვის 3 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიახოჯევანიშვილი კობახიძის ინტერვიუზე – ვუთანაგრძნობ “ოცნებაში” დარჩენილებს