ვაშაძე – „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს არეგისტრირებს, რომლითაც ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არადემოკრატიულია.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რითაც ფაქტობრივად თქვა, რომ მას აღარ უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, რითაც გაამკაცრა სანქციები ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანთან და რითაც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სამწუხაროდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ. მთელი დასავლური სამყარო შეშფოთებული იყო ამ კონკრეტული კანონპროექტით, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო ამ კანონზე, მაგრამ ის გაექცა საკუთარ პასუხისმგებლობას მიუხედავად ჩვენი შეხვედრებისა და მან არ გამოიყენა ის კონსტიტუციით ერთადერთი უფლება, რაც აქვს პრეზიდენტს, რომ ვეტო გამოიყენოს კანონებზე, როდესაც ეს კანონები არის არადემოკრატიული. დღეს ჩვენი გუნდი ვარეგისტრირებთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით, რითაც ძალიან მარტივად ვამბობთ – დაბრუნდეს ძველი ნორმები კვლავ მოქმედებაში. „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო, სასესიო და საკომიტეტო დარბაზებში მოუწევს ჩვენთან შემოვიდეს დებატებში და გასცეს პასუხი რატომ მიიღო არადემოკრატიული კანონი, რატომ უნდა, რომ დააშინოს ყველა ადამიანი, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები, რატომ ამკაცრებს სანქციებს პროტესტში მონაწილე ადამიანებთან მიმართებაში?! ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, სწორედ გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება ის კაბალური თუ რეპრესიული ნორმები, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ამიტომ ჩვენ ვარეგისტრირებთ დღეს ამ კანონს“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალ, 12:00 საათიდან დაიწყება
შემდეგი სტატიააშშ-ში ბავშვების აცრას 2022 წლიდან დაიწყებენ