ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი – დაპირისპირება ან შეთანხმება

სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება უნდა შეეხებოდეს 4 ძირითად საკითხს: რიგგარეშე არჩევნებს, საარჩევნო რეფორმას, გიორგი რურუას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასევე, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმის დასრულებას.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი – დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა.

„გუშინ, ყველას ერთიანი ძალისხმევით თავიდან ავიცილეთ ძალიან მძიმე კრიზისი, ძალიან მძიმე დაპირისპირება, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, თუმცა დღეს ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი, მძიმე პოლიტიკური ფონი არსად გამქრალა და კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ყველა მხარის მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა. სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო, აშშ, ევროკავშირი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისთვის, დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება.

ჩვენმა მეგობარმა ფასილიტატორმა ელჩებმა, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა გამოთქვეს მზაყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. მოლაპარაკებები უნდა შეხებოდეს ოთხივე საკითხს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო წაყენებული. პირველ რიგში, სამართლებრივად უნდა გადაწყდეს ნიკა მელიას დაკავების საკითხი. იმედი მაქვს, ამ თემაზე აღარც კი ფიქრობს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარებას, რომელშიც დღეს არიან. რა თქმა უნდა, მასთან ერთად უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა და უნდა დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება. აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს საარჩევნო რეფორმა ისე, როგორც ეს მოლაპარაკებების მაგიდაზე იყო. შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გადავიდეთ სრულად პროპორციულ სისტემაზე და რაც მთავარია, შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნების თარიღზე“,-განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიბარამიძე – დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ ნიკას, რომ ოფისიდან ფეხი არ მოიცვალოს
შემდეგი სტატიავაშაძე – პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას შტურმით და თავ-პირის მტვრევით თუ შეეცდებიან, ამაზე ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ