ვაშაძე – “ოცნება” საკუთარ ტყუილებში გაიხლართა და აღარ სურს არანაირი რეფორმის გატარება, რომელიც არის გზა ამერიკისკენ, ევროპისკენ და განვითარებისკენ

ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ფიქრობენ, რომ საქართველომ შეაჩერა დემოკრატიული განვითარების პროცესი. ისინი სვამენ კითხვას – რატომ ხდება ეს?! ზუსტად ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, – ასე აფასებს ვაშინგტონში მყოფი გიორგი ვაშაძე საქართველოს მდგომარეობას საერთაშორისო ასპარეზზე.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე აცხადებს, ხელისუფლებას არანაირი რეფორმის გატარება არ სურს.

“ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს აქვთ კითხვის ნიშნები, ისინი ფიქრობენ, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების პროცესი შეაჩერა. “ქართული ოცნება” საკუთარ ტყუილებში გაიხლართა და აღარ სურს არანაირი რეფორმის გატარება, რომელიც არის გზა ამერიკისკენ, ევროპისკენ და განვითარებისკენ. ისინი სვამენ კითხვას რატომ ხდება ეს?! ზუსტად ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა.

აუცილებლად მინდა შევეხო 19 აპრილის შეთანხმებას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლითაც ჩვენ ვართ აქ ჩამოსული და ვიტყვი პირველად, რომ “ქართულ ოცნებას” ვაიძულებთ და მოუწევს მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, დაიწყოს მართლმსაჯულების რეფორმა და შეასრულოს სხვა საკითხები, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, რადგან ჩვენ ვიყავით ამ შეთანხმების ხელმომწერები.

დღეს ამერიკაში ჩვენი გზავნილი არის შემდეგი – ჩვენ ამ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ ამერიკულ და ევროპული გარანტიის ქვეშ, ჩვენ ნულოვანი ნდობა გვქონდა “ქართული ოცნების” მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არაერთხელ მოატყუეს ქართველი ხალხი და ჩამოყალიბდნენ “მატყუარა ოცნებების” პარტიად, დღეს ვითხოვთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან საგარანტიო მექანიზმების ამოქმედებას, რა შეიძლება იყოს ეს?! უახლოეს დღეებში ამას დაინახავთ საქართველოში, ეს იქნება კონკრეტული აქტები სენატში და კონგრესში, კონკრეტული ნაბიჯები და გზავნილები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, რომ საქართველო მიიღებს მეტ მხარდაჭერას და დახმარებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების კუთხით შეასრულებს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ამერიკა არის ქართველი ხალხის გვერდით, “ქართულ ოცნებას” არცერთ შემთხვევაში არ მისცემს უფლებას, რომ ქართველი ხალხის ნება თავდაყირა დააყენოს, რომელიც ჩვენ გამოვხატეთ რეფერენდუმში ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და რომელიც დაფიქსირებული აქვს საქართველოს არა ერთხელ. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც გამოვფხიზლდეთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშითუ ვინმეს ჰგონია, რომ სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, ეს არ გამოვა – კალაძე სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაალინა კაბაევა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის სიაშია – CNN