ვაშაძე – მოვუწოდებთ პრეზიდენტს, ვეტო დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებას

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, დაადოს ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებას და ჩვენ ასევე შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას და მოვითხოვთ ამ კანონის ხელახლა მიღებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მზაკვრულად მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, მას უნდა, გააპაროს ასეთი ცვლილებები, ვიდრე ოპოზიცია სრულფასოვნად დაიწყებს პარლამენტში მუშაობას.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონთან დაკავშირებით გამოიყენოს ვეტოს უფლება, რადგან ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ჩვენ როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას. თუ ეგონა „ქართულ ოცნებას“, რომ თავს აარიდებდა ფართო ოპოზიციურ დისკუსიას პარლამენტში, ეს არ გამოუვა. ჩვენი საკანონდებლო ინიციატივის შედეგად, მათ ვალდებულება ექნებათ, მოვიდნენ პარლამენტში და დაგვისაბუთონ, რატომ მიიღეს ასეთი ანტიდემოკრატიული კანონი. ყველანაირად შევეცდებით, ვაიძულოთ ხმა მისცენ ხელახლა ამ კანონს და უკან დაბრუნდეს ის ცვლილებები რაც იყო“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე იქნება მსჯელობა.

„ვხედავ ძალიან კონკრეტულ მოთხოვნას საზოგადოების, ხალხის მხრიდან, რომ სრულფასოვნად ჩავერთოთ საპარლამენტო მუშაობაში, რადგან მიხარია, რომ ხალხი გვთხოვს უკვე პასუხს როგორც ეკონომიკურ, ასევე დემოკრატიის სხვა საკითხებზე. დღეს მსჯელობა გვექნება ამაზე და საბოლოო პოზიციას გეტყვით“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა
შემდეგი სტატიახაზარაძე – დამოუკიდებელი პარტია ვართ და მერობის კანდიდატზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ