ვაშაძე – მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას რაღაც ულტიმატუმებს უყენებს

როგორც მინიმუმ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი უნდა გამოვიდეს და უფრო დეტალურად ახსნას, რასთან გვაქვს საქმე, როდის შეიტყვეს იმის შესახებ, რომ შეცდომა მოხდა და რატომ დასჭირდა ამას 40 დღე არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, აუცილებელია, სრულფასოვანი განმარტებები გააკეთონ ამ საკითხზე.

„ჩვენთვის ეს საკითხი გარკვეულწილად ცნობილი იყო ელჩებთან შეხვედრის დროს. უფრო სწორად, ეს არ იყო ცნობილი. ასაბუთებდა ამას „ქართული ოცნება“ და პრინციპში ჩვენ მაშინ არც კი მივიღეთ ეს არგუმენტი. ისინი ექსელის ფაილიდან ანუ ციფრებიდან და მათემატიკიდან გამომდინარე ამბობდნენ, რომ არალოგიკური ციფრებიაო, მაგრამ ამ დეტალებში ვერ შევალ, იქ რა საუბრები გვქონდა, მაგრამ მთავარია, ახლა „სამართლიანი არჩევნები“ გამოვიდეს, დეტალურად აღწეროს რა ხდება. მეორე მხრივ, დასკვნაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ ასეთი დაბალი დონის არჩევნები არ ჩატარებულა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, არჩილ თალაკვაძე ბოდიშის მოხდას ითხოვს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას აბრალებდნენ, გიორგი ვაშაძე ასე პასუხობს: „დაუკრეფავში ნუ გადავა“.

მის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ხედავს, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას რაღაც ულტიმატუმებს უყენებს.

ვაშაძის განცხადებით, არჩვენების გაყალბების საკითხზე ოპოზიციის მტკიცებულებები მხოლოდ „სამართლიანი არჩევნებს“ არ ეყრდნობოდა.

„ეს ეყრდნობოდა ძალიან ბევრ საჩივარს, რომელიც ჩვენ შეტანილი გვქონდა სასამართლოში, საოლქოში. ასე რომ მზად ვარ, მივიდე მე-5 რაუნდზე და მყარი პოზიციით გავაგრძელოთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიბადრი და ბიძინა ესებუების მამა – ჩემს შვილს არც იარაღი ჰქოდა და არც ხელყუმბარა, საიდან ამოიღეს?
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – ზურაბ ჯაფარიძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა