ვაშაძე – მინდა, მათ მივმართო, ვინც შეთანხმებას არ შეუერთდა – თუ ერთმანეთს დავკბენთ, წარმატებას ვერ მივაღწევთ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიიცის იმ ნაწილს მიმართავს, ვისაც დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და აცხადებს, რომ ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა უსამართლო და არასწორია.

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გაერთიანება მნიშვნელოვანია, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი ზედმიწევნით აღსრულდეს.

“მინდა მივმართო ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც არ შეუერთდნენ შეთანხმებას. არასწორია და უსამართლო ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა. ნუ ეძებთ მიზეზებს, რომ აუცილებელად ვაჩვენოთ, რომ რაღაც არის ცუდად. ჩვენი ერთად დგომა და გაერთიანება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვანი, ევროპული თანხმობის დოკუმენტი ზედმიწევნით აღსრულდეს. ამიტომ, მოგიწოდებთ, ნუ ხართ ჩასაფრებულ პოზიციაში. ეს დოკუმენტი არის ჩვენი საერთო ბრძოლით მიღწეული დოკუმენტი, რომელიც არის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დოკუმენტმა უკვე დაიწყო შედეგების მოტანა, ამიტომ გავერთიანდეთ. დავეხმაროთ ერთმანეთს. მთავარი ამოცანა, “ქართული ოცნების” და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების არსად წასულა. თუ ერთმანეთს დავკბენთ, თავს დავესხმებით, ჩავუსაფრდებით, მიზეზებს მოვუძებნით, ვერ მივაღწევთ წარმატებას. დიდი და რთული გზა გვაქვს წინ. ვიცით, ვინ არის მეორე მხარეს. ვიცით, რომ “ქართული ოცნება” შეეცდება ამ შეთანხმების ყველა პუნქტის სათვისოდ ინტერპრეტაციას. მაგრამ ჩვენს ერთიანობას აქვს დიდი მხარდაჭერა საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ზედმიწევნით შევასრულებინებთ ყველა დაპირებას. მაგრამ თუ ვიკინკლავებთ, ჩავუსაფრდებით, ერთმანეთს სიტყვებში გამოვეკიდებით, შეურაცხყოფას მივაყენებთ, პირველ რიგში, დავკარგავთ საზოგადოების მხარდაჭერას და შეიძლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ შეთანმხების შესრულება”,- განაცხადა ვაშაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – „ქართული ოცნება” ეცდება, ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია გაიტანოს პარლამენტში
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 4-დან 11 მაისის პერიოდშიც მოემსახურება