ვაშაძე: ყველაზე ცუდი, რაც გუშინ მოვისმინეთ, იყო გრუშკოს განცხადება

ყველაზე ცუდი, რაც გუშინ მოვისმინეთ, იყო გრუშკოს განცხადება. მან ის კი არ მოითხოვა, რომ ნატო-ში არ მიიღოთ საქართველო და უკრაინა, არამედ აღიარეთ, ჩვენი მშვიდობისმყოფელების როლი პოსტსაბჭოთა სივრცეზეო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს გუშინდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ამაზე საკადრის პასუხს მიიღებენ.

„რუსეთის ის ორი დოკუმენტი, რომელიც კრემლმა თავისი საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით გაუგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, გეგონება, ომში გამარჯვებული ომში დამარცხებულს სთხოვს, რომ ზავის პირობებს დასთანხმდეს. 63 წლის ვარ, ამ პროფესიაში ვარ 45 წელია და არ მინახავს, კრემლს ამაზე დიდი სისულელე და იდიოტიზმი გაეკეთებინოს. ამაზე ღირსეული პასუხი მიიღეს. ყველაზე ცუდი, რაც გუშინ მოვისმინეთ, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრუშკოს განცხადება, სადაც მან ის კი არ მოითხოვა, რომ ნატო-ში არ მიიღოთ საქართველო და უკრაინა, არამედ აღიარეთ ჩვენი მშვიდობისმყოფელების როლი პოსტსაბჭოთა სივრცეზეო. ამაზეც საკადრის პასუხს მიიღებენ, მაგრამ მოკავშირეებს, რომლებიც გვეხმარებიან და ამბობენ, რომ საქართველოს სუვერენულ ნებას ვერავინ შეზღუდავს, ცოტა ჩვენც უნდა მივეხმაროთ.

2018 წლიდან ვამბობ, რომ იქნება შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენ ისევ მოუმზადებელი დავხვდებით. ახლა არის, მაგრამ ვერ გამოვიყენებთ, რადგან იმ მდგომარეობაში, რაშიც არის საქართველოს პოლიტიკური ატმოსფერო, რელიეფი, ყოველგვარ იმედს გვიწურავს იმაზე, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრით სარგებლობა შევძლოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გაწირა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს
შემდეგი სტატიათიბისი სტარტაპებს მათზე მორგებულ, ახალ ნაკრებს სთავაზობს