ვაშაძე – ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, საქართველოს ასობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს

„ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში არაფრის კეთება არ უნდა, – ასე შეაფასა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კომპანია „ენკას“ განცხადება, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ თავიდანვე არ ჩართო ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროცესში, ახლა კი, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, საქართველოს ასობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

„აქ მთავარი პრობლემა 2 კომპონენტისგან შედგება. პირველი, „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩართო ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროცესში თავიდანვე და აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია ამ ყველაფერმა. ვიღაცამ ცენტრში გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი საკითხის, ნებისმიერი პროექტის თავზე მოხვევა შეუძლია მოქალაქეებზე და ამან დააზიანა თავიდანვე ეს პროექტი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რა გადაწყვეტილებაც „ენკამ“ მიიღო, ეს არის ასობით მილიონი დოლარის ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის არა მიუღებელი ინვესტიციის, არამედ, სამწუხაროდ, ჯარიმების, რომელიც ჩემი, შენი და ყველას გადასახდელი შეიძლება გახდეს. ეს ნათლად აჩვენებს, ვისთან გვაქვს საქმე. „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში არაფრის კეთება არ უნდა. „ქართულ ოცნებას“ უნდა მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიით რას იტყვის, როგორ მოატყუებს, როგორ შეიყვანს მოქალაქეებს შეცდომაში. საბოლოოდ, ერთია ის, რომ ევროკავშირთან და დასავლეთთან ინტეგრაციის პრობლემა გვაქვს, ახლა ასობით მილიონი დოლარი უნდა გადავიხადოთ ამ დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ამ პროექტის აშენება პოლიციის კორდონითა და დაშინებით გადაწყვიტა, რაც დაუშვებელი იყო.

„ჩვენ „მესამე ძალა“ გამოვედით კიდეც ინიციატივით, რომ ლოკალურად პლებისტიცი ჩატარებულიყო რაიონში და რაიონის მოსახლეობას გადაეწყვიტა ეს საკითხი. ამით მორჩებოდა ყველაფერი. რა გზა აირჩიეს მათ? პოლიციით დაშინება. ათასჯერ გავიმეორეთ, რომ შეუძლებელი იყო პოლიციის კორდონით აშენებულიყო ამხელა პროექტი. რაც შეეხება ენერგოუსაფრთხოებას, უკვე რუსეთიდან შემოდის ელექტროენერგია. მარტო ამ პროექტზე კი არა, უამრავ სხვა პროექტზეა პრობლემა იმიტომ, რომ წილს თუ არ აძლევ კონკრეტულ პირებს, ამ ქვეყანაში ვერაფერს აკეთებ, ეს არის ფაქტი. ზოგადად ენერგეტიკას სჭირდება კომპლექსური, ახლებური მიდგომა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყებთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

წინა სტატიაშიმუხიანის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
შემდეგი სტატიამოსახლეობასთან მხოლოდ სწორი, გადამოწმებული ინფორმაცია უნდა მივიდეს – ვახტანგ კალოიანი