ვაშაძე – გვინდა ნატო? – მეტი რეფორმებია საჭირო, გვინდა ევროკავშირი? – რეფორმები და ცვლილებებია საჭირო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა კოლეგებმა დეტალურად იციან საქართველოში არსებული ყველა პრობლემა.

როგორც სენატორებსა და კონგრესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „დელეგაციის ჩამოსვლის მთავარი მიზანია, ქართველ ხალხს გააგებინონ, რომ ამერიკა საქართველოს გვერდითაა“.

„ღიად და გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა დეტალურად იციან ყველა ის საკითხი და პრობლემა, რომელიც საქართველოში დგას. პირველი, ეს არის უსაფრთხოება, მეორე, დემოკრატიული რეფორმები და მესამე, საქართველომ თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ევროკავშირშიც დაჩქარებულად გავწევრიანდეთ და მეტი მხარდაჭერა მივიღოთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან. გვინდა ნატო-ს წევრობა? ეს გასაღებიც ჩვენ ხელშია. მეტი რეფორმა, მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფალი სასამართლო, მეტი განვითარებული ეკონომიკა – არის გზა ნატო-ში ინტეგრაციისკენ. ზუსტად იგივე არის ევროკავშირთან მიმართებაში. ამიტომ, ვფიქრობ, მათ პოზიციას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, რომ ნორმალურ, ცივილურ გზას დაადგეს და არ გააგრძელოს ის ანტიდემოკრატიული სვლები, რაც დღეს აქვს.

მეტი მხარდაჭერა გვინდა ამერიკისგან? – მეტი რეფორმებია საჭირო. გვინდა ნატო? – მეტი რეფორმებია საჭირო. გვინდა ევროკავშირი? – რეფორმები და ცვლილებებია საჭირო. იმ გზით, რაც გზითაც ახლა „ქართული ოცნება“ მიდის, ეს ყველაფერი არ იქნება. რაც შეეხება მათი მხრიდან მეტ გარანტიას, იცით, რომ მომავალ კვირაში ვაშინგტონში მივდივარ, შევთანხმდით, რომ ამ ვიზიტების შემდეგ მათთან მექნება ასევე შეხვედრები და იქ უფრო ვისაუბრებთ ამაზე, იქ უფრო დეტალურად გავივლით საბოლოოდ რა პოზიციებს ჩამოაყალიბებენ ისინი. ერთი რამ ცალსახაა – ამხელა დელეგაციის ჩამოსვლის მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ყველას, პირველ რიგში, ქართველ ხალხს გააგებინონ – ამერიკა ჩვენ გვერდით დგას და მათთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველო, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელ ჯარისკაცებს ბრიტანეთში წვრთნები უტარდებათ – ჯონსონი
შემდეგი სტატიავაშაძე – ჩვენი ყველა პარტნიორის პოზიციაა, რომ გამოსავალია მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ევროპის მიმართულებით, რასაც ვემხრობი