ვაშაძე – ღარიბაშვილს არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, რომ ქვეყანა რეფორმების ჩემპიონობიდან რეგიონის მაჩანჩალა სახელმწიფოდ იქცა

ირაკლი ღარიბაშვილს არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, რომ ქვეყანა რეფორმების ჩემპიონობიდან რეგიონის მაჩანჩალა სახელმწიფოდ იქცა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძე განაცხადა, რითაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილს, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, გადადგომისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას და ეროვნული თანხმობის პროცესს ხელს შეუწყობს.

“კარგი იქნება ღარიბაშვილმა ციფრებით ჟონგლიორობას თავი დაანებოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია. რაც შეეხება ციფრებს – მას არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, რომ ქვეყანა რეფორმების ჩემპიონობიდან რეგიონის მაჩანჩალა სახელმწიფოდ იქცა. სწორედ ამიტომ, ხალხი ახლა მისგან ელოდება არა პოზიტიური სტატისტიკური მონაცემებით მანიპულაციასა და კეკლუცს, არამედ გადადგომას, როგორც იმ მთავრობის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ვერ უზრუნველყო და რომელიც აქციაზე შეკრებილი ასი ათასზე მეტი ადამიანის მოთხოვნაა.

ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენ როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, აიღოთ პასუხისმგებლობა, გადადგეთ და ეროვნული თანხმობის პროცესს, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას ხელი შეუწყოთ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი – ტექნიკური მთავრობა თუ შეიქმნება, ქვეყანა უნდა მოამზადოს ახალი არჩევნებისთვის
შემდეგი სტატიაG7-ის ლიდერებს ზელენსკი ჩაერთო