ვაშაძე: დოკუმენტი მისაღებია, მაგრამ ვიმსჯელებთ პოლიტსაბჭოსთან

“შეიძლება, მე მინდოდა, კიდევ ბევრი რამ ყოფილიყო ამ დოკუმენტში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ოფისში, მედიატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.

ვაშაძის თქმით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თაობაზე პარტია პოლიტსაბჭოზე იმსჯელებს.

“თითოეულმა მოქალაქემ რომ გაიგოს, რა წერია ამ დოკუმენტში, ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი. ორივე საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში. რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, შეიძლება იყოს პრეზიდენტის მიერ შეწყალება, ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება გამოყენებული იყოს და არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება როგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43%-ის აუცილებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით”, – ამბობს ვაშაძე.

“ამ ჩართვის დროს იყო კიდეც საუბარი, რომ ახლა ოთხი წლის მანძილზე არავინ არ აპირებს არც ევროპის და არც ამერიკის მხრიდან, რომ მუდმივად, ჩვენი მედიატორები იყვნენ ამ მოლაპარაკებებში, ამიტომ ყველას მართებს ღირსეული მიდგომა, რეალურად ღირსეული, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რასაც მე ევრ ვხედავ ქართული ოცნების მხრიდან, ძალიან გაწბილებული ვარ დღევანდელ დღეს, ამ ხელმოწერას კი არ დაიმახსოვრებენ ათწლეულების მერე, ვინ მოაწერა და ვინ არ მოაწერა, დაიმახსოვრებენ ერთ რამეს, თანამედროვე პირობებში, 2021 წელს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა შესაძლებლობა კონსენსუსის შეთანხმების, თუ როგორც 90-იანებში მოხდა, საშინელ დაპირისპირებაში გადავიდა ყველაფერი, როცა ვერ შეთანხმდნენ კონკრეტული ადამიანები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შთანხმების გზით უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, რომ ეს დესტრუქცია, რომელიც დღეს არის ქართული ოცნების მხრიდან, იქნება გამოსწორებული და შეთანხმება შედგება”. – ამბობს ვაშაძე.

მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი არჩევნები იმ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: პრინციპულად დოკუმენტი მისაღებია, თუმცა, ხვალ, ყველა პუნქტს გავიტანთ პოლიტსაბჭოზე
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი: ახლა მთავარი საკითხია გადადგამენ თუ არა საბოლოო ნაბიჯს “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”