ვაშაძე: ჩვენმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა გამოსავალი არ არსებობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2020 15:25

ვაშაძე: ჩვენმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა გამოსავალი არ არსებობს

“ეს დოკუმენტი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, და შესაბამისად, მთლიანად ქართულ ოცნებას მტკიცედ აყენებს პუტინის მოკავშირეების რიცხვში” – ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დოკუმენტს, სადაც ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზეა საუბარი.
“რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელსაც „შეერთებული შტატების გაძლიერება და წინააღმდეგობა გლობალურ საფრთხეებთან“ ჰქვია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თავის ყველა ასპექტში, საქართველოსთვის კიდევ უფრო საყურადღებოა, იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, მთლიანად ქართულ ოცნებას მტკიცედ აყენებს პუტინის მოკავშირეების რიცხვში.
ყველა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უკიდურესი სერიოზულობით მოეკიდებოდა ამ დოკუმენტს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ავტორებისა და ამ მოხსენების აღმაშფოთებელი ხრიკებით დაკნინებას.
ვინაიდან სახელმწიფოს არცერთი სტრუქტურა, რომელსაც საგარეო პოლიტიკის გატარება ევალება, თავის ფუნქციებს არ ასრულებს, იძულებულნი ვართ ავუხსნათ ხელისუფლებას და შევატყობინოთ მოქალაქეებს რა მოხდა დღეს:
რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტი შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 147 რესპუბლიკელი კონგრესმენისგან შედგება. კიდევ უფრო მეტი, ამ ყველაზე მძლავრი იდეოლოგიური და ორგანიზაციული გაერთიანების ჯგუფის წევრია აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები დიკ ჩეინი და დეინ კუელი, ოთხი რესპუბლიკელი სენატორი – პეტ ტუმი, რიჩარდ ბარი, ჯონ ბუზმანი და როჯერ ვიკერი.

ამ კომიტეტმა დაავალა თავის 13 წევრს ანგარიშის წარდგენა, რომელმაც საქართველოს ხელისულფებას და ოლიგარქს ადგილი პუტინის მოკავშირეებში მიუჩინა.
აუცილებელია, მოკლედ დავასახელოთ ამ ანგარიშის ზოგიერთი მთავარი პუნქტი:
1. რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დასახელება.
2. მეორადი სანქციები იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც სანქციების მიუხედავად მონაწილეობენ რუსეთის ნავთობისა და გაზის პროექტებში.
3. სანქციები რუსეთი სახელმწიფო ვალის წინააღმდეგ, რომელებიც, მათ შორის, რუსულ რუბლში არის დენომინირებული.
4. ვნეშ ეკონომ ბანკის სასანქციო სიებში შეტანა.
5. სანქციები რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელებისა და აგრეთვე მათ წინააღმდეგ, ვინც აშშ-ს პარტნიორი სახელმწიფოების პოზიციებს უკიდურესად აზიანებს და იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, ვინც პირდაპირ კრემლთან არიან დაკავშირებული.
6. ამ სიაში პუტინთან, ევტუშენკოვთან და მედვედჩუკთან ერთად ბიძინა ივანიშვილია დასახელებული, როგორც პუტინის უახლოესი მოკავშირე, რომელიც ჩართულია „საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე.“
7. გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის მზადყოფნა „საქართველოს მხარდამჭერი კანონის“ მიღების გზით.
ქართული ოცნების უნიჭო და დამანგრეველი მმართველობის შედეგად, საქართველო აღმოჩნდა გზაგასაყარზე – ერთი გზა ევროკავშირში და ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებისკენ, ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებისკენ და დამოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო შექმნისკენ, სადაც უზრუნველყოფილია მოქალაქის კეთილდღეობა და ადამიანის უფლებები;
მეორე გზა იმ უფსკრულისკენ მიდის, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკურ დომინირება ჰქვია და საითაც ქართული ოცნების ხელისუფლება უკვე 8 წელია საქართველოს მიაქანებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “გაერთიანება ძალა ერთობაშია” იანვრიდან აფრთხილებდა ხელისუფლებას შეერთებული შტატების უმკაცრეს ენაზე გადასვლის გარდაუვალობაზე და ეს მოხსენება, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება კანონპროექტებში აისახოს, მხოლოდ დასაწყისია.
ჩვენმა მთავარმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა მათთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს, ხოლო საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური ვალდებულებაა ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გაისტუმრონ ისტორიის სანაგვეზე”,- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2020 15:25

Google სტატისტიკა


3,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics