ვაშაძე ცესკოს – მიეცით მითითება კომისიების თავმჯდომარეებს, რომ ადამიანების უკანონოდ გაძევების უფლება არ აქვთ

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და მოუწოდებს, შესაბამისი მითითება მისცეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, რომ უფლება არ აქვთ უკანონოდ გააძევონ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ დარღვევებს აფიქსირებენ.

როგორც გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე 55 ადამიანია გამოძევებული საარჩევნო უბნებიდან.

„ახლოვდება ხმის დათვლის პროცესი. ამ ეტაპზე 55 ადამიანი არის გამოძევებული საარჩევნო უბნებიდან. ეს არიან დამკვირვებლები. გურჯაანში განსაკუთრებით მასიურად ხდება ეს ყველაფერი. 30 ადამიანი არის მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოძევებული. ზოგიერთ შემთხვევაში გვაქვს ინფორმაცია, რომ კომისიის წევრებიც არიან გამოძევებული. ნუ არღვევთ საარჩევნო პროცედურებს, მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მიეცით შესაბამისი მითითება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, რომ არ აქვთ უფლება უკანონოდ გააძევონ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ დარღვევებს აფიქსირებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძესთან ერთად ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ვაკეში იმ საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა, სადაც ოპოზიციის თქმით, ადგილი ჰქონდა სხვისი პირადობით ხმის მიცემის მცდელობას.

„შემობრძანდა უბანზე მოქალაქე დავით შენგელია. მისი ფოტო იყო გაცილებით უფრო მცირე ასაკის ვიდრე ის რეალურად იმყოფებოდა. სამაგიდო სურათზე საერთოდ სხვა სურათი იყო. მე დავსვი კითხვა, თუ რატომ იყო ასეთი აცდენა. ამან გამოიწვია აგრესია კომისიის მდივნისგან. მათ წამართვეს პირადობის მოწმობა, მისცეს ამ ადამიანს ბიულეტენი, ხოლო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისი პრეროგატივა იყო მისცემდა ეს კაცი ხმას თუ არა“,-განაცხადა დამკვირვებელმა.

banner
წინა სტატიაში17:00 საათის მონაცემებით, ფოთში არჩევნებში 19 738-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი