ვაშაძე – არ ვიცი, ვინაა პოლ ჯოელი, ყველა, ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, მაგარი ექსპერტი არ არის

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარებისგან ძალიან კარგი გზავნილი მიიღო, როდესაც მან მეორე რაუნდი შეთანხმების გარეშე დაასრულა, ითქვა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ დახმარებაზე ითქვას უარი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, რამდენიმე ევროპარლამენტართან, „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით მეგობრობს და ისინი ,,ოცნებას“ თანაუგრძნობენ.

„თქვენ ისე მოგყავთ განცხადებები, თითქოს მთელი დასავლეთი ამბობს, შეთანხმება რაღად გინდათ, პირდაპირ პარლამენტში შედითო. საბედნიეროდ, ეს ასე ნამდვილად არაა და ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარებისგან ძალიან კარგი გზავნილი მიიღო, როდესაც მან მეორე რაუნდი ჩაშალა და შეთანხმების გარეშე დაასრულა, ითქვა, რომ შეიძლება, ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ დახმარებაზე ითქვას უარი, ამაზე მძიმე დარტყმა საქართველომ რა უნდა მიიღოს. არის რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომელთანაც ,,ქართული ოცნება“ განსაკუთრებით მეგობრობს, ასე ვთქვათ, სოციალ-დემოკრატიული ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც ,,ქართულ ოცნებას“ თანაუგრძნობენ.

შეგახსენებთ, ოფიციალური პირების პოზიცია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი კენტის პოზიცია, იგივე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ შეთანხმება უნდა იქნას მიღწეული. მე ეს გზავნილი ძალიან კარგად მესმის და ცალსახად არ ვიღებ, როგორც „ქართულ ოცნებას“ უნდა გაიგოს. არის გზავნილი ჩვენთვისაც და ,,ქართული ოცნებისთვისაც“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, კომპრომისისთვის მზად არის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული ხუთივე საკითხი უნდა იყოს მოცული.

რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელის, პოლ ჯოელის განცხადებებს, ვაშაძის თქმით, ყველა, ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, მაგარი ექსპერტი არაა.

„მისი ჩართვის გარკვეულ ნაწილს მოვუსმინე, ცოტა გაოცებული ვიყავი, მაგრამ ყველა, ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, მაგარი ექსპერტი არაა. ჯერ გავიგოთ ვინაა, პირველად მესმის ეს სახელი და გვარი, რატომ აკეთებს ამ განცხადებებს, რა დამსახურება აქვს, არ ვიცი, ვინაა, ახლა ინგლისურად ვინც დამელაპარაკება, ყველას ხომ არ მოვუსმენ და ყველაზე კომენტარს ხოარ გავაკეთებ. თანამედროვე სამყაროში ამერიკული საკონსულტაციო კომპანია არსებობს ალბათ ორი მილიონი“, – განაცხადა ვაშაძემ. კითხვაზე, „ანუ, არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?“, – ვაშაძე პასუხობს: „არა, რადგან ყოველთვის გააჩნია, ვინაა და რას ლაპარკობს. ისაა ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, ინგლისურად მოლაპარაკე, რომელიც რაღაცებს ლაპარაკობს ,,ქართული ოცნების“ მიერ გაწერილი მესიჯბოქსით. ჩემთვის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი მყისიერად გაჩნდა, როცა ამ ადამიანმა ,,ოცნების“ მესიჯბოქსით დაიწყო საუბარი. ასე ბევრი გადაუხდის ფულს, ,,ოცნებას” ბევრი ფული აქვს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშირეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს – საჭიროების შემთხვევაში, ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენს გამოსაჯანმრთელებლად
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის ტესტის პასუხი ცნობილია