ვაშაძე: ამ არჩევნებს აღიარება არ უწერია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ

პირდაპირ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ – ამას თქვენ აუცილებლად დაინახავთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი პარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ამ არჩევნებს აღიარება არ უწერია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ.

„ვისაუბრეთ გამოძიების მექანიზმებზე, ყველაფერზე, მათ შორის, სანქციებზე, ევროპის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე, მაგრამ ვისაუბრეთ ისეთ ახალ მექანიზმებზე, რომლებზეც საჯაროდ არ ვაპირებთ ჯერ საუბარს, მაგრამ საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ საბოლოო ჯამში, სამართლიანობას, რომ არჩევნები ახლიდან ჩატარდეს. პირდაპირ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამას თქვენ აუცილებლად დაინახავთ.

ისინი საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ და როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს, ეს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან და ცდილობენ დაფარონ საკუთარი ორგანიზებული სისტემური დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს საქართველოს წინააღმდეგ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციას. დაგეგმილია, ასევე, მათი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა გავიბზაროთ, არ უნდა შევეგუოთ
შემდეგი სტატიაოლაფ შოლცი: დიახ, ვგეგმავ რუსეთის პრეზიდენტთან საჭირო დროს დალაპარაკებას, მაგრამ მე ვარ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, მე ამას მარტო არ გავაკეთებ