„ვარშავის სამიტზე საქართველოსადმი მხარდაჭერას დავაფიქსირებთ“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია.

ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობაში.

„დღეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობების ყველა ასპექტი განვიხილეთ, განსაკუთრებით რეგიონის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი პრემიერები შეხვდნენ დავოსში და შეთანხმდნენ, რომ პრემიერებისა და მინისტრების მონაწილეობით შეხვედრა შედგება. ბევრი ხელშეკრულება გვაქვს დასამთავრებელი. გვინდა თურქეთში საქართველოდან ერქსპორტი გაიზარდოს. ჩვენი ურთიერთობის შედეგია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ნავთობსადენები, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც იურიდიული პროცესის გამო შეფერხდა, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, პარასკევს ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალს ქართველ პარტნიორებთან ერთად დაათვალიერებს. ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი ყოველთვის უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს და ყველა პლატფორმაში აფიქსირებს თავის პოზიციას.

„ევროკავშირთან ურთიერთობაში საქართველო წინ არის წასული. ამ წელს საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ. ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყნისთვისაც იგივე გადაწყვეტილებას ველოდებით ოქტომბრის თვეში. ასევე, ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებსაც ვეუბნებით, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. იგივე ვუთხარი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ჩვენი შეხვედრისას. ვარშავის სამიტზეც დავაყენებთ ამ საკითხს, დარწმუნებულები იყავით ამაში“, – განაცხადა ჩავუშოღლომ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 19 თებერვალს კვლავ ესტუმრება და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: თურქეთს განვიხილავთ როგორც უახლოეს მეგობარს
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: ხიდაშელზე თოფაძის განცხადება ანტიკოალიციური და ანტისახელმწიფოებრივია