ვარლამ გოლეთიანი:თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას – ულტიმატუმი ხელისუფლებას

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვებს გაშლიან და 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით, აქ ვრჩებით, მეგობრებო, ხვალ 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს, ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა ვითარდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას, მას აღარ დარჩება სივრცე იმისა, სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა, თითქოს რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება… თუ არ გაითვალისწინებს ამას ხელისუფლება, ნათელი იქნება, რომ სწორედ ის იღებს ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ, უკან დავიხიოთ ამ ბრძოლაში, რამდენიც ვართ დღეს, ორი იმდენი ვიქნებით ხვალ. ამიტომ, გიცდით, ჩვენი ძლიერი მხარეა ასევე მოთმინება“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული.

მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება.

 

„ხვალ, 12:00 საათამდე ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული თუ არ იქნება, ჩვენ მთლიანად დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ, ვერავინ ვერსად შეძლებს გადაადგილებას. რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმრავლე და უფრო მეტი ადამიანი მოგვემატოს, ვიდრე დღეს აქ ვდგავართ. ამიტომ, თუ წყვეტთ იმას, რომ ხალხის ნება და სურვილი უპირატესია, მაშინ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და პასუხი ვაგებინოთ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის შემოქმედიც და ავტორიც ამ შემთხვევაში ხელისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, ვაგრძნობინოთ პასუხისმგებლობა ყველას, ვინც ჩათვლის, რომ დღეს და მომავალში ამ ქვეყანაში თანამდებობრივად უნდა იყოს ჩვენი ნების აღმსრულებელი. მან ამ პროცესზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და მისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო იმ სკამზე მოთავსება, სადაც ისაა, ეს პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა შევქმნათ. მოგიწოდებთ უპრეცედენტო გაერთიანებისკენ, რისი არნახული მაგალითიც დღესაა, ამას კიდევ მეტი გაერთიანება სჭირდება, წამზომი ჩართულია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს ძირითად მოთხოვნებს: კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა უნდა დატოვოს, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის კომპანიისთვის სამუდამო გადაცემას. შეწყდეს და გაბათილდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული.

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც უშუალოდ ამ პროექტში და დოკუმენტაციაში მონაწილეობს. უმთავრესი, რაც თავიდანვე აღვნიშნე, მორატორიუმი, რომელიც ენერგოსექტორში უნდა ავიღოთ, რათა სწორად დაიგეგმოს და ამ პროცესების წარმართვა ქაოტურად არ მოხდეს“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- მთავარი დავალება,მობილიზება მოვახდინოთ ამომრჩევლების, რათა ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ
შემდეგი სტატიათბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში აფხაზეთის ისტორიული ტრადიციების სახლი გაიხსნა