ვარლამ გოლეთიანი შს მინისტრის განცხადებაზე – ამის მიზანია, აქ მომსვლელი ადამიანები შეაშინონ, რომ წყალს დაასხამენ და ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ

ამ განცხადების მიზანია, აქ მომსვლელი ადამიანები შეაშინონ, რომ წყალს დაასხამენ და ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ ამ ხალხის მისამართით, – ასე აფასებს „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი, ვარლამ გოლეთიანი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას, რომ რიონის ხეობაში თუ საჭირო გახდება სიტუაციის განსამუხტად სპეცრაზმი გაზს და წყლის ჭავლსაც გამოიყენებენ.

როგორც გოლეთიანი აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე თვეა, რაც რიონის ხეობაში პროვოკაციული ჯგუფები მიდიან.

„ჩვენ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეა, უამრავ პროვოკაციულ ჯგუფს ვაჩერებთ, რომ ხეობაში არ შეიჭრას, არ ჰქონდეს იმ შემთხვევებს ადგილი, რაზეც მინისტრი საუბრობს.

ჩვენ პრევენციას ვახდენთ, რომ სხვადასხვა პროვოკაციული, ძალადობისკენ ორიენტირებული ჯგუფი ხეობაში არ შეიჭრას, რომ არ დააზიანონ, დაწვან და ასე შემდეგ. თითოეულ მათგანს ვესაუბრებით და ვუხსნით, რომ ეს ჩვენი მოძრაობისთვის დამაზიანებელია, არ უნდა გააკეთონ მსგავსი მოქმედებები.

ასევე, ხელისუფლებას ვაფრთხილებთ იმ ნაწილში, რომ თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, მათ შორის, ამ ხეობაში, მოსალოდნელობა და რისკი ამ შეჭრების იმატებს, გამაკონტროლებელი აღარ ეყოლება იმ ჯგუფებს, რომელიც მოდიან აქ პროვოკაციაზე“,-აღნიშნავს გოლეთიანი.

მისივე თქმით, მინისტრის განცხადებაში მუქარის ტონიც იგრძნობოდა.

„ამ განცხადების მიზანია, აქ მომსვლელი ადამიანები შეაშინონ, რომ წყალს დაასხამენ და ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ ამ ხალხის მისამართით. ეს იგივე ნარატივია, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გადაღუნულ ბარიკადზე. ეს არის მთელი კასკადი იმ აბსურდული მოგონილი ბრალდებისა, რომელიც ემსახურება იმას, რომ დაშალოს ადამიანების ერთობა.

ჩვენ ყოველ საღამოს ვხედავთ შეხლა-შემოხლას პოლიციასთან, მათი მხრიდან დამოკიდებულებას, როგორ აგინებენ ჩვენს თანამებრძოლებს, როგორია მათი დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანის მიმართ“, – აღნიშნავს გოლეთიანი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მანქანა ელექტრობოძს შეეჯახა – რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება
შემდეგი სტატიასაფრანგეთი აშშ-ს ახალ თავისუფლების ქანდაკებას გაუგზავნის