ვარლამ გოლეთიანი – „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შექმნა ხელისუფლების დამოუკიდებელი ინიციატივაა

„ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შექმნა ხელისუფლების დამოუკიდებელი ინიციატივაა, – ამის შესახებ „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

გოლეთიანის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია და არ აქვს ინფორმაცია დეტალებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან საბჭოს წევრები, რომელი ექსპერტები ჩაერთვებიან და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაცია აქციის მონაწილეების გარეშე დაამყარა.

„ეს არის დამოუკიდებელი ინიციატივა ხელისუფლებისგან და ჩვენ გამჭირვალობის პრობლემას ვხედავთ, რადგან თვითონ დაამყარეს კომუნიკაცია გარკვეულ პერსონებთან ჩვენი გვერდის ავლით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროცესში ნაბიჯ-ნაბიჯ ვიყოთ ჩართული. ესე რომ ვგებულობთ ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან დეტალებს, როგორიც არის ექსპერტების ჩართულობა, ვინ ექსპერტები არიან ან ვინ ერთვება, როგორი ფორმატია, ამ დროს ჩვენ არ გვაქვს ამ ყველაფერზე ინფორმაცია. ეს დიდ ეჭვებს ბადებს. მე ვფიქრობ, უფრო სწორი იქნებოდა, დაგვეწყო როგორც თავიდან დავაყენეთ დღის წესრიგი, რომ განგვეხილა ეს ხელშეკრულება და მიწის საკითხი თუ კი გადავიდოდით დიალოგის რეჟიმში და შემდეგ გარემოს დაცვით საკითხებზე. რაზეც იკრიბება პრაქტიკულად ექსპერტთა საბჭო, ამასთან დაკავშირებით ცალკე უნდა გვემსჯელა, როგორ ფორმირდებოდა მსგავსი ტიპის საბჭოები და რა შემთხვევაში ექნებოდათ მათ ჩვენი ნდობა. დამოუკიდებლად როცა იდგმება ეს ნაბიჯი და თან იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პრობლემა, ჩვენთან უნდა მოგვარდეს პრობლემა. პროტესტი რომ არ ყოფილიყო და ის ხალხი, ვინც დაუშვათ ქუჩაში გამოდის, ესენი ხომ დამოუკიდებლად ამ ექსპერტთა საბჭოს არ მიმართავდნენ და არც არაფერს არ შექმნიდნენ. ამიტომ, თუ უნდა მოგვარდეს ჩვენთან პრობლემა, ჩვენთან შეთანხმებით უნდა გაიარონ ეს დეტალები“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, სამართალდამცველების მიერ ნამახვანისკენ მისასვლელ გზაზე განთავსებული რკინის კონსტრუქციის ნაწილის აღება აქციის მონაწილეებისთვის არაფერს ცვლის.

„ნახევრად კედლის აღება ჩვენთვის არაფერს ცვლის. ზოგადად ვითხოვთ აქ გადაადგილების უფლებას და ნამახვანში ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნებას. შესაბამისად, ვიდრე გადაადგილების უფლება არ მოგვეცემა, ნახევრად აღებული კედელი ჩვენთვის არსებითად არაფერს ცვლის. ბუნებრივია, მათგან დაველოდებით პირობების შესრულებას. ამ ნაბიჯს ველოდებით პირველ რიგში მათგან. დასახელებული იყო 3-4 დღე, თვითონ უნდა ესაუბრათ პრემიერთან და მიეღოთ გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, იმ პირობების შესრულებასთან დაკავშირებით და შემდგომ გაჩნდებოდა შესაძლებლობა დიალოგის. ამიტომ ველოდებით, ნაბიჯი არის მათზე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გუშინ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, მიაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად. მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება ცალკე ფორმატი, გაიმართება შეხვედრები არასამთავრობოებთან, ექსპერტებთან, ვინც ამ საკითხებით არის დაინტერესებული და იქნება მსჯელობა ყველა იმ საკითხზე, რაც მოსახლეობაში არსებობს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი ე.წ. მძევლების საქმეზე – მისი განზრახვა არ ყოფილა ვინმეს დაყაჩაღება
შემდეგი სტატიაოპოზიცია დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბება