ვარლამ გოლეთიანი – ჩვენ არ ვაპირებთ, დავიძრათ თავისუფლების მოედნის მიმართულებით და ხელი შევუშალოთ 26 მაისის ღონისძიებას

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა 26 მაისთან დაკავშირებით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, არავინ აპირებს 26 მაისის ღონისძიების ჩაშლას, უბრალოდ მიაჩნიათ, რომ როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესებს თმობს, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების წარმომადგენლების მოსასმენად არ უნდა მივიდნენ.

ამასთან, გოლეთიანის განმარტებით, აქციის მონაწილეები არ აპირებენ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიძრან და ხელი შეუშალონ ღონისძიებას.

„რაც შეეხება 26 მაისს და იმას, თითქოს ჩვენ 26 მაისის ჩაშლას ვაპირებთ, რა თქმა უნდა, არავინ გეგმავს, რომ ჩვენ გადავინაცვლებთ იქ და ღონისძიებას შევუშლით ხელს. ეს არ იყო ნაგულისხმევი ჩემს სიტყვებში, რასაც მოყვა დიდი სპეკულაცია ამ მიმართულებით, თითქოს ხელს ვუშლით ღონისძიების ჩატარებას. საუბარია იმაზე, რომ როდესაც ხელისუფალი ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს თმობს, ვის სასარგებლოდ ეს ჯერ კიდევ გაუგებარია და არაა ეროვნული ინტერესების გამტარი, უბრალოდ, გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს ამ ჩინოვნიკის მოსასმენად კონკრეტულად თავისუფლების მოედანზე ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავიძრათ იმ მიმართულებით და ხელი შევუშალოთ ღონისძიებას. შეუძლიათ, ჩვეულებრივად მართონ ის პროცესი, რასაც მართავენ. ჩვენ ამ ნაწილში არ ვებრძვით ხელისუფლებას და აქ რევულუციის მოსაწყობად არ ჩამოსვულვართ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ
შემდეგი სტატიასაჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემი მხრიდან არავითარი კავშირი არ არსებობს რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან