ვარკეთილში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. საქმე ვარკეთილში გუშინ მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1977 წელს დაბადებული მ.ჯ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 10 ივლისს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა დაშავებულებთან. მოგვიანებით კი, შურისძიების ნიადაგზე, მ.ჯ.-მ თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, ზედა სართულიდან ჩამოაგდო „რგდ“-ის სისტემის ხელყუმბარა, რომლის აფეთქების შედეგად სამმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ქუთაისში – ე.წ. კეჩის ბაზრობაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ
შემდეგი სტატიაშეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან აქცია დაარბიეს – მოშიმშილეებს 50-მდე ადამიანი თავს დაესხა