ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ –
„112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე,
შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25
ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე
უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ
დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და
კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების
ჯგუფები.

ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი.

უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.

ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით,
დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.

იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა
მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების
საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს
187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის
დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია: ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ მითვალთვალებდნენ და ამის გამო დაცვა გავაძლიერე
შემდეგი სტატიააშშ-ის ელჩი საქართველოში – საქართველოს მთავრობას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია