ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 8, 2018 00:27

ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 45 წლამდე მამაკაცი ოპერაციის შემდეგ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, დაჭრილ მძღოლს მუცლის არეში შემავალი ერთი ჭრილობა აქვს, რომელმაც შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანება გამოიწვია.

„შემოყვანისას გამოხატული იყო ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და შინაგანი სისხლდენა. ჩაუტარდა სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულია, შემდგომი მკურნალობის მიზნით, გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში“ – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

ავტობუსის მძღოლებს შორის 7 მარტს მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე მათგანი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს ავტობუსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა – 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს – ამავე ავტობუსის მძღოლებს: 1977 წ.დ. ა. ზ-ს, 1965 წ.დ. გ. კ-ს, 1967 წ.დ. ვ. ი.-ს და 1961 წ.დ. გ. კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 8, 2018 00:27