26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

„ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა

„ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადა 30 დეკემბრამდე გადავადდა.

როგორც bpn.ge შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რეაბილიტაციის დასრულების ვადამ 2026 წლის 30 დეკემბრამდე გადაიწია.

სწორედ ამას ითვალისწინებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ “ბადა ქონსთრაქშენს” შორის 2026 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ვადის გაგრძელებისა და თანხის დაკორექტირების შესახებ.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, შეიცვალა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და 13 240 610 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად წარმოდგენილი 13 026 537 ლარისა.

კორექტირებები შევიდა თავად რეაბილიტაციის ტექნიკურ სამუშაოებში, მგზავრთა მოსაცდელი დარბაზისა და დახრილი გვირაბის ჭერის მოსაპირკეთებლად თავდაპირველად გათვალისწინებული აკვაპანელის ნაცვლად ალუმინის ფირფიტების გამოყენება გადაწყდა. ასევე შეიცვალა მგზავრთა ჩასაჯდომ ბაქანზე სკამების დიზაინიც. გარდა ამისა, განახლებული ხელშეკრულებით შეიცვალა იატაკის მოპირკეთების მასალებიც, კერძოდ, კერამოგრანიტის დაგების ნაცვლად დარჩება არსებული ბუნებრივი გრანიტი, რომელსაც უკვე შემდგომ მოხვეწენ და გააპრიალებენ.

ცნობისთვის, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. პროექტის თავდაპირველი ვადა 18 თვე იყო და სამუშაოები 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა რეაბილიტაციის დასრულების თარიღი არაერთხელ გადავადდა. ბოლო, 20 აგვისტოს ხელშეკრულებამდე, ვადის გახანგრძლივებაზე შეთანხმება 2026 წლის 1-ელ აპრილს გაფორმდა. მაშინ კომპანიას სამუშაოებისთვის ვადა 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით გაუხანგრძლივდა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გორდულაძე: აქციების ფარგლებში დაკავებულმა იმ პირებმა, რომლებიც გუშინ გათავისუფლდნენ, დანაშაული მოინანიეს
შემდეგი სტატიათენგიზ შარმანაშვილი აქციების პერიოდში დაკავებულების ნაწილის შეწყალებას ეხმაურება