ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

news
ავტ.: news ივნისი 24, 2020 12:08

ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარკის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, სამ ჰექტარს მოიცავს, პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა.

„სამგორის რაიონში არსებული ვარკეთილის ხევი რეკრეაციული სივრცის განვითარების თვალსაზრისით, საინტერესოა. აღნიშნული ტერიტორია, დაახლოებით, სამ ჰექტარს მოიცავს. საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვფიქრობთ, სრული პროექტი დაახლოებით, ერთ თვეში გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. გამოვაცხადებთ ტენდერს, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს. პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა. ტერიტორიაზე საჩრდილობლებით მოსასვენებელი სივრცეები, დატვირთული ატრაქციონებით საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტპარკი და გადმოსახედი ბაქანი მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც, პარკის ტერიტორია შეივსება ახალი ხე-მცენარეებით და გაჩნდება საპიკნიკე არეალები.

„ვფიქრობთ, პროექტის დაწყება ზაფხულის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას და დამთავრდა ის დრო, როდესაც სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა მშენებლობები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში ეს არ მოხდება. არ დავუშვებთ, რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები კორპუსების, ოფისების თუ სხვადასხვა დანიშნულების მშენებლობებს შეეწიროს. ჩვენ ქალაქში გვაქვს საკმარისი სივრცე, რათა დეველოპერები განვითარდნენ და განახორციელონ დაგეგმილი პროექტები, თუმცა ეს არ და ვერ მოხდება რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

news
ავტ.: news ივნისი 24, 2020 12:08