ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე ავარიული N6 კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება და ამჯერად, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე N6 კორპუსს შეეხება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა აშენდება, მშენებლობის პროცესში კი მოსახლეობის ქირით გაყვანას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გასული წლის დეკემბერში ჩატარდა ბაზრის კვლევა, მიმდინარე თვის ბოლომდე კი გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი, სადაც დაინტერესებულ სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას და პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული 10-სართულიანი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მოეწყობა 451 კვ.მ კომერციული ფართი, ხოლო II-X სართულების ჩათვლით, 4 770 კვ.მ საცხოვრებელი ბინები არქიტექტურული პროექტის შესაბამისად. ჯამში, უძრავი ქონების მესაკუთრეებს სრულად გარემონტებული 36 ბინა გადაეცემათ. ყველას მინდა მოვუწოდო აქტიურობისკენ, ვინც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ითანამშრომლეთ ჩვენთან. ყველანაირად მზად ვართ, რომ ხელი შეგიწყოთ. სანამ მშენებლობა მიმდინარეობს, ქირით და იჯარით უზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ საკუთარ თავზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიმართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მეტი ინტერესი გამოიჩინონ აღნიშნული პროექტის მიმართ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა დეველოპერულ კომპანიას, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში. მესმის, რომ ეს შეიძლება არ იყოს მომგებიანი პროექტები, უფრო სოციალური პროექტებია, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია. რამდენიმე პროექტის სამშენებლო პროცესი უკვე მიმდინარეობს, აშენებულია რამდენიმე სართული და მალე დავასრულებთ სამუშაოებს. გვინდა, გავზარდოთ მასშტაბურობა, მეტი პროექტი განვახორციელოთ და შეფერხებები არ გვქონდეს ამ მიმართულებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მოსახლეობა კარგად ხედავს, კოლექტიური „სანაცეთის“ და „ხანდაზმული თაღლითების“ ისტერიკა, სიბინძურე რას ემსახურება, 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოება გაგცემთ პასუხს
შემდეგი სტატიარიჩარდ ნეფიუ საქართველოს ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა