ვარკეთილის ბაზრობის ყოფილი მეწილის წარმომადგენლის განცხადებით, არსებობს ვერსია, რომ ბაზრობის ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა

ვარკეთილის ბაზრობის ყოფილი მეწილის ზანდა მსხვილიძის წარმომადგენლის, გიგი სისვაძის განცხადებით, არსებობს ვერსია, რომ ბაზრობის ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა.

უფლებადამცველის განცხადებით, ხანძართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს.

ამასთან, მისივე თქმით, ბაზრობის დამფუძნებლებს შორის გარკვეული დაპირისპირებაა.

„ეს ეჭვები იქიდან გამომდინარე წარმოიქმნა, რომ ჩვენი ინფორმაციით, ბაზრობის დომინანტ დამფუძნებლებს შორის, ამჟამად არის განხეთქილება. ბაზრობის ირგვლივ არსებობს არაერთი ვერსია, რაც ნანახი აქვს ზანდა მსხვილიძეს. უნდოდათ მისი დანგრევა, მარკეტის აშენება. იყო საუბრები, რომ არსებობდა ინვესტორი, ვისაც მშენებლობის განხორციელება უნდოდა. ეს უნდა ყოფილიყო მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. უნდა ყოფილიყო შიგნით სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებელი, კომერციული ფართები, 9000 კვადრატულ მეტრზეა საუბარი, საკმაოდ დიდი ფართია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ ბაზრობის ირგვლივ არსებობს რამდენიმე ვერსია. ბაზრობა დაიწვა და მიმართულება მიდის მერიისკენ, რომ ზიანი აანაზღაუროს ბაზრობის დაწვის საკითხთან დაკავშირებით. დაზარალებულები რატომ უნდა დააკმაყოფილოს მერიამ? დაზარალებულები რატომ უნდა დაკმაყოფილდნენ ქვეყნის ბიუჯეტით? როცა ბაზრობა პირდაპირაა პასუხისმგებელი, რომ დაიცვას უსაფრთხოების წესები, რომ არ მოხდეს ასეთი რამ. ასევე, დაზღვევა არსებობს ამასთან დაკავშირებით. პოლიტიკური სარჩული მისცეს ამას, რომ თითქოს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა არის, მიხედოს მოვაჭრეებს. ამაზე პასუხისმგებელია სადაზღვეო კომპანია და ბაზრობის ადმინისტრაცია, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მოვაჭრეების უსაფრთხოება“, – განაცხადა გიგი სისვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძრის შედეგად 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ინფექციური საავადმყოფო კიდევ შვიდმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი რჩება
შემდეგი სტატიაგრიგოლ ლილუაშვილი თბილისში, მოსკოვის გამზირზე გუშინდელი ოპერაციის შესახებ კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს