“მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს ამ სცენარისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

 

მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინის საზღვართან მის დაკავებას არ გამორიცხავს, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ გეგმის შეცვლას მაინც არ აპირებს და კვირას პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.

„უკრაინის დღევანდელი ოლიგარქიული მმართველობის პირველი გეგმა არის, რომ არ შემიშვან, სარეზერვო გეგმა არის დაჭერა, მოსპობა, განადგურება, მაგრამ მე არ მეშინია, მაგათ უნდა ეშინოდეთ ქართველი და უკრაინელი ხალხის. მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს ამ სცენარისთვის, მას აქვს პრობლემები ამ სცენარზე. მე მზად ვარ, ბოლომდე დავიცვა ჩემი პოზიციები, ესენი თუ არიან მზად? კარგად მოემზადონ და დამელოდონ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ეს განცხადება “კურიერთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ამ წუთებში მოლაპარაკებებს ევროპარლამენტარებთან მართავს.

„ჩვენ ვართ ახლა ევროპის ცენტრში, ბრიუსელში, ევროპის მთავარ საპარლმენტო ორგანოში. აბა დააკვირდით, მარჯვნივ, მარცხნივ ვინმე ბორკილებს მადებს? მიჭერს? ვინმე სერიოზულად იღებს მაგათ ბრალდებებს? ეს არის ორღობის, ჭორვილის ბრალდება, რომელიც უკავშირდება კოსტუმებს, გასვენებებში მიტანილ ყვავილებს, რასაც ეს ხალხი აკეთებს დღეში ასჯერ. ამაზე რომ ამათ უთხრა ვიღაცა ვიღაცას იჭერს, მითუმეტეს ყოფილ პრეზიდენტს, შემოგხედავენ, როგორც გიჟსა და ავადმყოფს,” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხულოში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები მონაწილეობენ
შემდეგი სტატიათუ ერთად სავალი ფართო შარა გზა ვერ შევქმენით, საჭიროა გამოვძებნოთ ვიწრო ბილიკი – დავით უსუფაშვილი