ვანო ზარდიაშვილი : ვისურვებდი, მამუკა ხაზარაძეს დაეკონკრეტებინა, ვინ არიან ის ძალები, რომლებიც პროგრესს ხელს უშლიან

ვისურვებდი, მამუკა ხაზარაძეს დაეკონკრეტებინა, ვინ არიან ის ძალები, რომლებიც პროგრესს ხელს უშლიან, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

მამუკა ხაზარაძემ 12 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა: „გარე საფრთხეების კი არ მეშინია, როგორც ქართველს, მეშინია შიდა საფრთხეების, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს“.

ვანო ზარდიაშვილის თქმით, ქვეყანაში მანკიერი ტრადიცია დამკვიდრდა, თუ რაიმე საკითხს სამართლებრივი შეფასება ეძლევა, ავტომატურად პოლიტიკურ პროცესებში გადადის.

„ვფიქრობ, ეს საკითხი პოლიტიზირებულია. ჩვენს ქვეყანაში მანკიერი ტრადიცია დამკვიდრდა, თუ რაიმეს სამართლებრივი შეფასება ეძლევა, ავტომატურად პოლიტიკურ პროცესებში გადადის. ჩემთვის ეს პროცესი უცნაურია მარტივი მიზეზის გამო – ამ საკითხის დაკავშირება ხდება „თიბისი ბანკთან“ და ანაკლიის პორტთან“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მესაკუთრის განსაზღვრა ახლანდელი ხელისუფლების პირობებში მოხდა.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა და მესაკუთრის განსაზღვრა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა. ასევე ბანკებმა, მათ შორის „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ ყველაზე დიდი მოგებები ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნახეს. შესაბამისად, აქ რაიმე წნეხსა ან ზეწოლაზე საუბარი უბრალოდ გამორიცხულია ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ბიზნესი თავისუფალია და ბანკები არნახულ მოგებაზე გავიდნენ.

ასევე ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ისეთი უზარმაზარი კაპიტალის გადაცემა მამუკა ხაზარაძისთვის, როგორიც არის ანაკლიის პორტი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს საკითხები აბსოლუტურად პოლიტიკურ კონტექსტშია მოხვედრილი და დანარჩენი დასკვნების გაკეთება საზოგადოებისთვის მიმინდია“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა 12 თებერვალს გაიმართა, რისი ამსახველი ფოტომასალაც უნივერსიტეტმა საკუთარ გვერდზე იმავე დღეს გაავრცელა, ხოლო შეხვედრის ვიდეოჩანაწერი უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოს ქმნის
შემდეგი სტატიაარის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში – სერგეენკომ დეკანოზი მამალაძე მოინახულა