ვანო ზარდიაშვილი – დღესვე მზად ვარ, დეპუტატის მანდატზე უარი ვთქვა, თუ ეკა ბესელია პარლამენტიდან გავა

უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ერთმანეთს კორუფციაში ადანაშაულებენ.

ზარდიაშვილმა და ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მწვავედ იკამათეს, სადაც მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ.

ბესელიამ სხდომაზე ზარდიაშვილს მიმართა, რომ კორუფციაში ხელებს აფათურებს, ასევე ჰკითხა სად მუშაობს მისი მეუღლე.

აღნიშნული რეპლიკის პასუხად ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახური ბიზნესი სასამართლოში ეკა ბესელიას ჰქონდა.

„შენს ხელებს ასდის ფულის სუნი. ოჯახური ბიზნესი სასამართლოში თქვენ გქონდათ, სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე თქვენი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა, გენერალური პროკურორის მოადგილე თქვენი მეჯვარეა და ბავშვის ნათლია. ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია, რვა წელია, იქ მუშაობს. შენ გინდა ბიზნესი სასამართლოში, რასაც ვერ მიიღებ“, – მიმართა ბესელიას ზარდიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან იმიტომ გადადგა, რომ ბესელია თავმჯდომარეობიდან გადამდგარიყო. ზარდიაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის მანდატზეც უარს იტყვის, თუ ბესელია საკანონმდებლო ორგანოდან გავა.

„15 წელია საჯარო მოხელე ვარ და ჩემი ქვეყნისთვის პატიოსნად ვშრომობ, იმხელა სიკეთე ჩემი სამშობლოსთვის არ გამიკეთებია, როგორც ეკა ბესელიას გადადგომას შევუწყვე ხელი. არამც თუ პირველი მოადგილეობიდან გადადგომა, არამედ დღესვე მზად ვარ, პარლამენტის მანდატზე ვთქვა უარი, თუ ეკა ბესელია პარლამენტიდან გავა. სასამართლოს მოვაშორებთ ადამიანს, რომელმაც სუბიექტური ინტერესები აქვს სასამართლოში, – განაცხადა ზარდიაშვილმა სხდომაზე.

ეკა ბესელიამ პასუხად უმრავლესობის დეპუტატს ზონდერი უწოდა და აღნიშნა, რომ ზარდიაშვილი თავადაც მიჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეთა ათკაციან სიას, რის გამოც გაბრაზებულია.

„იქედან გაგაბუნძულე, საიდანაც დაგსვეს. ვინმემ შეამოწმოს, ზარდიაშვილი ზემოქმედების ქვეშ ხომ არ არის, იმდენად აჟიტირებულია. ვანო ზარდიაშვილს, ზონდერებს პარლამენტში რა უნდათ? მშვიდობაში „ქართულ ოცნებას“. ყველაფერი ნათელია. საწყალი ეს ბიჭი, რომელსაც გეგმა ჩავუგდეთ, ოჯახური ბიზნესი ჩავუშალეთ და ის ათკაციანი სია, რომელსაც ლობირებდა და ვერ გაიტანა. თვითონაც მიჰყვა ამ სიას. მესმის, გაბრაზებულია. ვერ მპატიობენ, რომ სია გავუჩერე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დილიდან მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია დავით მათიკაშვილს – 2012 წლიდან რა უნდა „დავგუგლო“? სად იყავი დამალული ის ვარკვიო? კომპასი ჩავრთო?
შემდეგი სტატიაზაალ კასრელიშვილი: “ხურვალეთის ინციდენტის შემდეგ რუსები რაღაცას მოითხოვენ ან უკვე მოითხოვეს”