ვანო ზარდიაშვილი-დღეს არაორდინალური ვითარება გვქონდა

ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე ექვსი წელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდნენ და ორი კვირის წინ დანიშნულ ანრი ოხანაშვილს ბრალდებას უყენებენ, რატომ არ შეასრულა მანამდე ის ფუნქციები, რაც მათ უნდა განეხორციელებინათ, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე არასამთავრობოების დამოკიდებულება გამოჩნდა.

„დღეს არაორდინალური ვითარება გვქონდა, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე ექვსი წელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობაში იყვნენ და ბრალდებას უყენებენ კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ორი კვირის წინ დანიშნულ ანრი ოხანაშვილს, რატომ არ შეასრულა ის ფუნქციები მანამდე, რაც ხელმძღვანელობას უნდა განეხორციელებინა.

პროცესის ნეგატიურ კონტექტსში გადატანა ვიხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც პრეზიდენტ მარგველაშვილს ორი ხელით ესალმებოდნენ, როცა ის წარადგენდა იმ პროცედურებით, რითაც იმოქმედა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. მხოლოდ ფუნქცია შეიცვალა, იუსტიციის საბჭო წარადგენს კანდიდატებს და ვნახეთ, არასამთავრობოების დამოკიდებულება. პროცესი არის პოლიტიკურ ჭრილში გადატანილი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან იმიტომ გადადგა, რომ ბესელია თავმჯდომარეობიდან წასულიყო.

„რაც შეეხება ეკა ბესელიას, დაუსაბუთებლად და სიცრუის ნიადაგზე მიწოდებს რეპლიკებს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან გადავდექი იმის გამო, რომ ბესელიას გადადგომისთვის ხელი არ შემეშალა. თუ ეკა ბესელია გავა პარლამენტიდან, მანდატს დღესვე დავტოვებ. ეკა ბესელია არის ადამიანი, რომელმაც სასამართლოში სპეკულაციები ხელოვნურად მოაწყო. მას შეეძლო, სია ჩაეგდო და დაებლოკა, გადადგა და სპეკულაციები დაიწყო. ეს არის ხელოვნურად აგორებული. ამ ბოლო დროს სასამართლოს ეპარებიან ხალხი, ვინც კორუფციული რისკების მატარებელი არიან და უნდათ, სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენა. ამის ერთ-ერთი მაგალითია მამუკა ახვლედიანი, გერმანიის საელჩოში სანიმუშოდ არასამთავრობოებმა წაიყვანეს, რომელსაც სასამართლოდან წასვლის შემდეგ უცებ 3-4 მილიონის ქონება გაუჩნდა და ამაზე არც ბესელიასა და არც არასამთავრობოებს კითხვები არ გასჩენიათ“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირატი იონათამიშვილი-მგონია, რომ ძალიან ცუდ მაგალითს ვაჩვენებთ საზოგადოებას
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს