ვანო ზარდიაშვილი – დედა ეკლესიაც ამბობდა, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში და ეს სახელმწიფომაც გაიზიარა

უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მარიხუანას მოხმარების შესახებ შს სამინისტროს მიერ წარდგენილ რეგულაციებზე ვერც ერთი კონტრარგუმენტი ვერ მოისმინა.

„თქვენი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი ამ კონკრეტულ კანონპროექტთან მიმართებაში, რეგულაციებთან მიმართებაში“, – განაცხადა ზარდიაშვილმა სხდომაზე, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

დეპუტატის თქმით, თავადაც არის ეკლესიის მრევლი, თუმცა, აღნიშნულ კანონპროექტზე მსჯელობა მისი ვალდებულებაა.

„მე ვარ ეკლესიის მრევლი და მიყვარს უფალი ჩემი ძალიან. რეალურად, რაზეც ახლა ჩვენ ვმსჯელობთ, ამ გადაწყვეტილების დროს, კონკრეტულად ამ კანონის მიღების დროს, მე სინდისი არ მქენჯნის. პირიქით, ვალდებულება გამაჩნია ამაზე ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღო“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოება ისედაც დაბნეული და არაინფორმირებულია.

„ვითარება ისედაც რთულია. საზოგადოება არის დაბნეული, ნაკლებად ინფორმირებული. შეიძლება ეს ჩვენი ბრალია. ობიექტიური-სუბიექტური მიზეზების გამო ინფორმაციის ნაკლებობა არსებობს, როგორც ეკლესიაში, ასევე ჩვენს სახელმწიფოში და საზოგადოებაში. რეალურად, ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, ნარკოტიკების აქტიური და ჭარბი მოხმარება საქართველოში 90-იანი წლებიდან იწყება“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, იყო პერიოდი, როცა პოლიცია იჭერდა ხალხს ქრთამის სანაცვლოდ და შემდეგ უშვებდა. თუმცა შემდეგ იყო პერიოდი, „როდესაც სახელმწიფო ნარკოტიკების მოხმარებისთვის იჭერდა და ციხეში ალპობდა“.

„ამ პრაქტიკების მერე, როგორც ერის, ასევე ბერის მოთხოვნით, სახელმწიფო მარიხუანას მოხმარებაზე ხალხს ბოლო სამი წელია, არ იჭერს. ამაზე ვთანხმდებით ყველა. დედა ეკლესიაც ამას ითხოვდა, ამბობდა, რომ მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში. ეს გაიზიარა სახელმწიფომაც. საბოლოო ჯამში, როცა ერი და ბერი შეთანხმდა, რომ მოხმარების გამო არავინ უნდა წავიდეს ციხეში, სახელმწიფო სამი წლის განმავლობაში მარიხუანას გამო აღარ იჭერს არავის. ამან შექმნა ქვეყანაში რაღაც მოცემულობა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. როდესაც საზოგადოებამ ნახა, რომ აღარ იჭერენ ის თავნებობა, თავისუფლება თუ გამოვლენა, მოხდა აშკარად. შემდგომში დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ესეც შეფასების საკითხია, ისეთია, თუ ასეთი“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.

მისი თქმით, შეიქმნა რეალობა, როცა ხალხი პირდაპირ ქუჩებში და სატელევიზიო ეთერებში მოიხმარდა მარიხუანას.

„მთლიანად ფართო საზოგადოება გამოვიდა, ქუჩაში, პირდაპირ ეთერებში ეწევიან, სტადიონებზე ეწევიან, ყველგან ეწევიან და პირდაპირი მნიშვნელობით ამ კუთხით ვაკჰანალია გვაქვს“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. განხილვაში სასულიერო პირებიც მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს