ვანო მერაბიშვილს საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი მიუტანეს – ყოფილი პრემიერი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს?!

რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია ,,პრაიმტაიმმა” ვანო მერაბიშვილის ადვოკატთან, გიორგი ჩივიაშვილთან გადავამოწმეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი ნამდვილად ჩაიბარა.

გიორგი ჩივიაშვილი, ადვოკატი:

-მისჯილი სასჯელებიდან გამომდინარე ვანო მერაბიშვილს უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება. პროცედურულად, თვითონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი განიხილავს ამ საკითხს და მათზეა დამოკიდებული დაკმაყოფილდება თუ არა დადებითად ეს საკითხი. უშუალოდ მსჯავრდებულის მოთხოვნას ეს მექანიზმი არ საჭიროებს. თავად სამინისტრო ვალდებულია, რომ იმსჯელოს ამ საკითხათან დაკავშირებით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მას უკვე უწევს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. დიახ, ცოტა ხნის წინ მასთან მიიტანეს ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ განაცხადი, ანუ აცნობეს, რომ უკვე დაწყებულია წარმოება.

-და რა ვადებში შეიძლება მოხდეს წარმოების დასრულება?

– წესით, მერაბიშვილის მიმართ დადებითი გადაწყვეტილება პირველივე ჯერზე უნდა იქნეს მიღებული, თუ არადა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მომდევნო ექვსი თვის შემდეგ გააკეთებს ასეთივე განაცხადს. რამდენად დაკმაყოფილდება ეს საკითხი, მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

– თავად ვანო მერაბიშვილის პოზიცია როგორია? მისი თანხმობა საჭიროა?

-არა, ვადაზე ადრე გათავისუფლება მსჯავრდებული პირის თანხმობას არ საჭიროებს. ეს არ გახლავთ თხოვნით მიმართვის პროცედურა, როგორც ხდება შეწყალების კომისიის შემთხვევაში. თავად სასჯელაღსრულების უწყება ვალდებულია განიხილოს იმ პატიმრის საქმე, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ვადაზე ადრე გათავისუფლება ეხება.

ვანო მერაბიშვილის მიმართ სასამართლოში ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ყოფილ პრემიერ მინისტრს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამ განაჩენით, მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ე.წ. უდოს კომისიის მეშვეობით, ის საპატიმროს სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე დატოვებს.

პატიმრობის კოდექსის თანახმად, ე.წ. უდო ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში გამოიყენება მაშინ, თუ მსჯავრდებულს მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი მსაჯვრებულს სასჯელის 2/3 უნდა ჰქონდეს მოხდილი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია? ამ კითხვით ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გედევან ფოფხაძეს მივმართეთ, რომელიც ამავდროულად ე.წ. უდოს კომისიის წევრიც გახლავთ.

ფოფხაძე ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით მერაბიშვილის საქმის განხილვა არ მოხდება და კომისია ყოფილ პრემიერ მინისტრთან დაკავშირებით გამოიყენებს ისეთივე მიდგომას, როგორსაც იყენებს ყველა სხვა მსჯავრდებულთან მიმართებაში.

„მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ არსებობს. კომისია კოლეგიური ორგანოა და შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს, თუმცა, ცხადია, არსებობს გარკვეული სტანდარტები. კომისია განიხილავს იმ პატიმრების საქმეს, რომელსაც კანონით დადგენილი სასჯელის ვადა უკვე მოხდილი აქვთ, გააჩნიათ რესოციალიზაციის სურვილი და ამასთანავე, პატიმრობის დროს არ არღვევდნენ შინა განაწესს. კომსისას შესაბამისი ინფორმაცია მოეწოდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და საჭიროების შემთხვევაში, ხდება უშუალოდ პატიმართან გასაუბრებაც. რაც შეეხება კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის საკითხს, პოლიტიკური მოტივით რაიმე განსხვავებული მიდგომა არ იქნება, ყველა მსჯავრდებულზე ვრცელდება ერთიანი სტანდარტი. წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გამაჩნია და შესაბამისად, ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გედევან ფოფხაძე.

იურისტ ვალერი გელბახიანის აზრით კი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ახალ წლამდე დატოვებს, ვინაიდან, მისი თქმით, ციხეში მყოფი მერაბიშვილი ხელისუფლების ინტერესშიც აღარ შედის.

წყარო: www.primetime.ge

 

banner
წინა სტატიაშიიმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შენგენის ზონაში ყოფნის პირობები დაარღვიეს, მოგზაურთა საერთო რაოდენობასთან შედარებით, მცირეა
შემდეგი სტატიაუზენაესმა სასამართლომ ი. მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა