“ვანო მერაბიშვილის საკითხზე უკრაინის გენერალური პროკურორის შეფასება ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, გიორგი ნაზაროვთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები და მიმდინარე აქტუალური საკითხები.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი მიმდინარე წლის 14 ივნისს, ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ერთ-ერთ გადაცემაში უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს მიერ გაკეთებული ცალკეული განცხადებების გამო, რაც წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის შეფასებები ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე არ შეესაბამება თავად ამ გადაწყვეტილების შინაარსს. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა, გამოიწვია გენერალური პროკურორის არაინფორმირებულობამ, შედეგად კი, მის მიერ მოხდა საქმის არასწორი შეფასება, ეს კი ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.

ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე მოახდენს შესაბამის რეაგირებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

თავის მხრივ, ნაზაროვმა განაცხადა, რომ უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ინფორმაცია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და საქართველოს პოზიციას დაუყოვნებლივ აცნობებს კიევს.

banner
წინა სტატიაშიშაორის ტბაში 18 და 19 წლის ბიჭები დაიხრჩვნენ
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: ხელისუფლება ბერლინიდან ხელცარიელი ბრუნდება