ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს,ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გამოკვლევები ჩაუტარდა-ამის შესახებ ჟურნალისტებს მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, მერაბიშვილს დაახლოებით ორი კვირაა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს, რის გამოც, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვანო მერაბიშვილი ისევ სასჯელაღსრულების დასწესებულებაშია დაბრუნებული.

„მე რამდენადაც ვარ ინფორმირებული საუბარია სასუნთქი გზების პრობლემაზე, თუ არ ვცდები „პოლიპებზე“, პრაქტიკულად ვერ სუნთქავს, რაც სხვა ტიპის გართულებებსაც იწვევს. კონკრეტულად რა დიაგნოზია, ამის თქმა არ შემიძლია, რადგან დადასტურებულად არ ვიცი. როგორც გავიგეთ გადაიყვანეს კლინიკაში გამოკვლევისთვის და დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თითქმის ორი კვირაა მას გაუმწვავდა პრობლემა, რომელიც ადრეც ჰქონდა და ამის გამო ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, რითაც გამოიკვეთება რა მდგომარეობა აქვს, რა დონეზე აქვს ჯანმრთელობა გაუარესებული, რა სიმპტომები აქვს. თუ საჭირო გახდება, ბუნებრივია, მოვითხოვთ მის სტაციონარში განთავსებას, თუმცა ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია. გიდასტურებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის. უწყების თქმით, მერაბიშვილმა გამოკვლევისთვის კლინიკაში მხოლოდ ერთი საათი დაჰყო.
„ციხის სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა საჭიროდ შემოწმება სამედიცინო კლინიკაში, რაც დაიგეგმა 14 აგვისტოს და 15 აგვისტოს საღამოს მოხდა გადაყვანა. დანიშნულების მიცემის შემდეგ ვანო მერაბიშვილი დაბრუნდა და ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მერაბიშვილმა კლინიკაში დაჰყო სულ ერთი საათი“, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიავსტრიამ გზებზე მოტოსიჩქარის ლიმიტი 140 კმ/საათამდე გაზარდა
შემდეგი სტატიააჭარისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს