ვანო მაჭავარიანი: ეს მოსალოდნელი მოულოდნელობა, როგორც ჩანს, ძალიან დიდხანს მზადდებოდა

“საქართველოს განვითარების ფონდის” აღმასრულებელ დირექტორ, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა ლოგიკურია. ამის შესახებ მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.
“ეს მოსალოდნელი მოულოდნელობა, როგორც ჩანს, ძალიან დიდხანს მზადდებოდა. რასაკვირველია, როცა ორი დღით ადრე ვისმენთ ანგარიშს და არ ჩანს წინაპირობა მისი გადადგომის, ეს სპონტანური გადაწყვეტილება, რომელიც ცალსახად ივანიშვილთან არის დაკავშირებული, ზუსტად იმ არასტაბილურობის შეგრძნებას ტოვებს ქართულ პოლიტიკაში და იმ ხედვის არარსებობას, რომელიც ხელისუფლებას აქვს. ის ძალიან მძიმე საზოგადოებრივი მხარდაჭერის კლების ფონი, უბრალოდ “ოცნებას” აყენებს კონრეტული მიზნების წინაშე, შეცვალოს საზოგადოებრივი იმიჯი და რაღაცა ცვლილება განახორციელოს”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა გარკვეულწილად პიროვნული გაუგებრობებით არის გამოწვეული.
“მე მიმაჩნია, რომ უბრალოდ არც ერთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ივანიშვილთან მჭიდრო კონსულტაციების გარეშე. ეს ემოციურობა, სპონტანურობა ახასიათებს მას და ადამიანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რომ დღეს ადამიანი არის მისი მეგობარი და ხვალ აღარ. მე, სამწუხაროდ, ღარიბაშვილის წარმატებებზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იყო ივანიშვილზე და მას არც მიეცა საშუალება თავისი შესაძლებლობები გამოეჩინა ამ თვალსაზრისით”, – განმარტა ვანო მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში ერთად გამოჩდნენ
შემდეგი სტატიადავით ნარმანია თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს