ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს და „ლელოს“ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მას რუსული სანქცირებული ნავთობის გასაღებაში დასდეს ბრალი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს და „ლელოს“ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

მისი თქმით, ბრიფინგი, სადაც ის რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ფაქტებთან დაკავშირებით ახსენეს, „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაგეგმეს.

როგორც ბიზნესმენი განცხადებაში აღნიშნავს, მას არც სანქციებამდე და არც სანქციების მერე არანაირი შეხება არ ჰქონია რუსულ ნავთობთან.

„დღეს, ბრიფინგზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა რუსული სანქცირებული ნავთობის გასაღებისა და რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის არარსებულ ფაქტთან დაკავშირებით მახსენა. ირაკლი კუპრაძე გამოუცდელი ახალგაზრდაა და ადვილია მისი გამხმოვანებლად გამოყენება, მაგრამ ამ ბრიფინგის დამგეგმავმა, „ლელოს“ დამფუძნებელმა და თაღლითობაში მხილებულმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კარგად იციან, რომ არც სანქციამდე და მით უფრო სანქციების მერე არ მქონია არანაირი შეხება რუსულ ნავთობთან და ჩვენი მხრიდან არ ყოფილა და არც მომავალში ექნება ადგილი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას.

უფრო მეტიც, ბიზნესში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის ცხადია, რომ ასეთი რამ თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან გემების და ტვირთების საზღვრის კვეთას სასაზღვრო ადმინისტრაცია და შემოსავლების სამსახურები მკაცრად აკონტროლებენ და გასული წლის 26 თებერვლიდან საქართველოში არ დაფიქსირებულა სანქციის დარღვევის არცერთი შემთხვევა. ეს არაერთხელ იქნა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც.

ეს არ არის პარტია „ლელოს“ მხრიდან ჩემზე სიცრუის შეთხზვისა და ტირაჟირების პირველი შემთხვევა და ფაქტია, რომ ადგილი აქვს როგორც გამიზნულ მავნებლობას ქვეყნის წინააღმდეგ, ისე პოლიტიკური ტრიბუნის ბიზნეს ანგარიშსწორებისთვის გამოყენების მცდელობას. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დგანან „ლელოს“ ამ უნიჭო კამპანიის უკან და რომელთაც არც სამართლებრივი, არც მორალური და არც ბიზნეს პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, ჩემი მხრიდან მაინც სამართლებრივი რეაგირება იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი შეეცადა ოფიციალური სახე არ მიეცა ზურაბიშვილთან შეხვედრისთვის და სადღაც ეზოში ჩაწერა ერთი ვიდეო – კობახიძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში