ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით მადუროს რეჟიმმა მიიღო 51%, ხოლო ოპოზიციურმა კანდიდატმა გონსალესმა – 44%.
ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნების უპირობო ლიდერად ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი სახელდებოდა (გონსალესი 65% – მადურო 31%).
ემიგრანტებს შეეზღუდათ საარჩევნო უფლება, დაახლოებით 7 მილიონი ემიგრანტიდან საარჩევნო რეგისტრაცია მხოლოდ 69000-მდე ამომრჩეველმა შეძლო, მთავრობა შეგნებულად აფერხებდა მათი რეგისტრაციის პროცესს.
არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის მიზნით, კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე ვენესუელამ დახურა საზღვარი კოლუმბიასთან, სადაც 3 მილიონამდე ემიგრანტი ცხოვრობს.
არჩევნები დაშინების და მოსყიდვის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც მასობრივი პროტესტი ამ დრომდე არ წყდება. დაღუპულია 12 ადამიანი, ხოლო 1000-ზე მეტი – დაკავებული.
შედეგად, არჩევნები გაყალბებულად და არალეგიტიმურად სცნო აშშ-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა.
უფრო მეტიც, აშშ-მ გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი აღიარა.
არჩევნები ლეგიტიმურად აღიარეს რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელაში არჩევნები ჩატარდა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
ელექტრონული აპარატები ამომრჩევლის იდენტიფიკაციას თითის ანაბეჭდის საშუალებით ახდენდა, ხოლო ამომრჩეველი ხმას ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით აძლევდა.
ამომრჩევლის ნდობის ხარისხის ასამღლებლად გამოყენებული იყო ე.წ. ,,ქაღალდის კვალი“, რასაც მოწყობილობა ხმის მიცემის შემდგომ, ქვითრის სახით ბეჭავდა. ამომრჩეველი მას სპეციალურ ყუთში ათავსებდა.
არჩევნების შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დამთავრებიდან 6 საათის შემდგომ, დაგვიანებით დაიწყო, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოყვა.
ვენესუელას მთავრობის მიერ არჩევნების გაყალბების ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესებში მხოლოდ ელექტრონული საშუალებების გამოყენება სრულად არ აზღვევს არჩევნებს მანიპულაციისგან.
არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ აკონტროლებს აპარატებს და განსაზღვრავს მათი მუშაობის ალგორითმს.
თუმცა მიუხედავად იმისა, თუ რა ხერხებს და მეთოდებს მიმართავენ ავტორიტარული რეჟიმები ხელისუფლების შესანარჩუნებლად, გაყალბების ყველა მცდელობა უძლურია, როდესაც დაფიქსირდება ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, ბევრი ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბანთან და ემიგრანტები დააფიქსირებენ თავის არჩევანს,-წერს საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ვანო ბურდული.