ვან დეიკის ტილოს საქმეზე საგამოძიებო სამსახურში ეკა აბაშიძის დაკითხვა მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ვან დეიკის ტილოს საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ეკა აბაშიძის დაკითხვა მიმდინარეობს. ეკა აბაშიძე საგამოძიებო სამსახურში ცოტა ხნის წინ იმ ფოტოსურათით მივიდა, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ ვან დეიკის ტილო მისი ოჯახის საკუთრება იყო. როგორც მან დაკითხვაზე შესვლამდე აღნიშნა, ფოტოსურათს გამომძიებელს გადასცემს. აბაშიძემ ასევე საგამოძიებო სამსახურში მიიტანა ვალის აღიარების ხელშეკრულება. რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელზეც ტილოს მყიდველები – მალხაზ მახარაძე და ზაჰირ ჰუსეინოვი საუბრობენ, ეკა აბაშიძე აცხადებს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. “მოვიტანე ვალის აღიარების ხელშეკრულება და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ზაჰირ ჰუსეინოვს დაეკისრა ვალის ანაზღაურება. ასევე მოვიტანე ფოტოსურათი, რომელიც გადაღებულია ჩვენს სახლში. მასზე გამოსახულია დედაჩემი, რომლის უკანაც კედელზე კიდია ტილო. ეს ადასტურებს, რომ ტილო ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში ეკიდა”, – განაცხადა ეკა აბაშიძემ. მისი თქმით, დაწყებული გამოძიებისგან აბაშიძეები ელოდებიან, რომ ყველაფერი მათ საკეთილდღეოდ გადაწყდება. “ჰუსეინოვი კი, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენგან კეთილსინდისიერად შეიძინა ტილო, ტყუის საზოგადოების წინაშე”, – განმარტა აბაშიძემ. საგამოძიებო სამსახურში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღესვე ექსპერტებიც დაიკითხებიან.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასასაქმებლად პროექტს იწყებს
შემდეგი სტატიაპარლამენტი “გაზპრომის” საკითხზე საკომიტეტო მოსმენის გამართვის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებ