,,ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც ნატო-ს სამხედრო მოსამსახურეების გვერდით დგანან”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში, „ნატო“-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს ესტუმრა.

“ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც ნატო-ს სამხედრო მოსამსახურეების გვერდით დგანან საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა ცენტრში სტუმრობისას.

ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრის საქმიანობას გაეცნო და ქართველ ოფიცრებს შეხვდა, რომლებიც ლიტვის თავდაცვის სამინისტროს აკადემიაში სწავლობენ. სამხედრო სასწავლებელში ინგლისური ენისა და საშტაბო-სამეთაურო კურსს 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის.

„საქართველო ნატოს რიგით მეორე კონტრიბუტორია და ჩვენ გვყავს საამაყო ჯარისკაცები, რომლებიც თქვენს გვერდით დგანან. აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენ გავხსენით ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი და განვაგრძობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების რეფორმას. ჩემთვის დიდი პატივია ვილნიუსში ჩვენს ახალგაზრდა ჯარისკაცებთან შეხვედრა, რომლებიც ემსახურებიან საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ცენტრის საქმიანობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა პრეზენტაცია წარუდგინა. მისი განმარტებით, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე სამეცნიერო, ტექნიკური და აკადემიური ექსპერტიზისა და ანალიზის წარმოება და ნატო-ს სტრატეგიული სარდლობის და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური რჩევებით უზრუნველყოფა.

პოლკოვნიკმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მიერ ცენტრის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნატო“-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის წევრი სახელმწიფოები არიან – ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, იტალია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და საქართველო. საქართველო ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს 2014 წლის 16 ოქტომბერს შეუერთდა. ორგანიზაციაში საქართველო, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, “დელტას” ექსპერტით არის წარმოდგენილი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან და შტაბის წევრებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია -“ქერის უბანს” ახალი გმირი ჰყავს
შემდეგი სტატიალიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა