13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ვალერი გელბახიანი – ,,პროკურატურა ცდილობს ელისო კილაძის გაჩუმებას”

საგამოძიებო უწყებამ ჟურნალისტ ელისო კილაძის სასამართლო პროცესი ისევ დახურა. ბრალდებულს ამ დრომდე შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარები და ოჯახის წევრებთან შეხვედრა. მიმოწერის უფლების გარეშე და სრულ იზოლაციაში მოქცეული ჟურნალისტი დღეს სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა და სხდომის გახსნას ითხოვდა, რათა საკუთარი სიმართლე ამ ერთადერთი გზით მაინც მიიტანოს იმ ადამიანებამდე, ვისაც არ სჯერა ჟურნალისტის მიმართ წაყენებული აბსურდული ბრალდებების.

რატომ არის საფრთხე ელისო კილაძის ფაქტორი საგამოძიებო უწყებისთვის, რას აპირებს დაცვის მხარე და რატომ გაახანგრძლივა პროკურორმა აღმკვეთი ღონისძიება — ამ და სხვა დეტალებზე CNews-ს „ქრონიკა+“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ესაუბრა.

CNews-ის შეკითხვაზე, თუ რატომ მოხდა წინასასამართლო პერიოდის გაგრძელება, გელბახიანი პასუხობს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება ელისო კილაძის წინააღმდეგ და სწორედ ეს არის მიზეზი.

„გუშინ სხდომა ადვოკატების გარეშე შედგა. პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საგამოძიებო ვადის ორი თვით გაგრძელება მოითხოვეს და სასამართლომაც ის 25 მაისამდე გაახანგრძლივა. თუმცა განჩინებები დღეს გადმოგვეცა, სადაც წერია, რომ მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვა და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება; კონკრეტული სხვა არაფერია მითითებული.

ეს აჩენს ეჭვს, რომ გამოძიებას არ გააჩნია ელისო კილაძის საწინააღმდეგო მამხილებელი მტკიცებულებები და ვადა ამიტომ გააგრძელეს. მეპარება ეჭვი, რომ რამე მოიპოვონ, რადგან იმ ჩამონათვალის მიხედვით, რაც მითითებულია, ახალი მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია.

გარდა ამისა, პროკურორმა თქვა, რომ დაკავების შემდგომ კიდევ მოაგროვეს მტკიცებულებები. ჩვენ ბრალდების მხარეს წერილობით მივმართეთ ამ მასალების გადმოსაცემად და მათ ამ კვირაში ველოდებით. ჯერჯერობით საქმეში არ ფიგურირებს ისეთი რამ, რაც დამატებითი სამხილის სახით შეიძლება იქნას მიჩნეული“, — განაცხადა მან.

გელბახიანი სასამართლო სხდომების დახურვის ნაწილზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროკურატურას ის მიზანმიმართულად ჰყავს იზოლაციაში, რათა ჟურნალისტმა საზოგადოებასთან კომუნიკაცია და სიმართლის დამტკიცება ვერ შეძლოს.

„რაც შეეხება სხდომის დახურვას, ამაზე ძალიან დიდხანს ვიკამათეთ. თავად ელისო გამოვიდა სიტყვით და განმარტა, თუ რატომ იხურება სხდომა. მან თქვა, რომ ვინაიდან ის ჟურნალისტია და ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ამ საქმის გარშემო, ეს დაპატიმრება არის გარკვეული შეკვეთა და ის იმ თანამდებობის პირების მსხვერპლია, რომელთაც ამხელდა.

პროკურატურა ახლა ცდილობს, ელისოსგან საზოგადოებამ არ მოისმინოს ახალი ინფორმაცია, რის გამოც იხურება პროცესები და ეკრძალება მას მიმოწერა თუ სატელეფონო კომუნიკაცია. ამ იზოლაციის ერთადერთი მიზანი ინფორმაციის გავრცელების აღკვეთაა. ვადის გაგრძელების დადგენილების გარდა, არსებობს წერილობითი დოკუმენტი, სადაც პროკურატურა პირდაპირ წერს: თუ მას არ შევუზღუდავთ სატელეფონო კავშირს, ის შეძლებს თავი იმართლოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაციაო.

ადამიანს ეკრძალება თავის დაცვა — ეს არის კონსტიტუციური და მართლმსაჯულების პრინციპების უარყოფა. როგორ, ადამიანს საკუთარი თავის დაცვის უფლება არ აქვს? ბუნებრივია, პრეტენზია არა მხოლოდ ელისოს, არამედ ადვოკატებსაც გვაქვს. სასამართლოს მივუთითეთ, რომ ირღვევა მთავარი — საჯაროობის პრინციპი. პროკურატურა ცალმხრივად აჟღერებს იმას, რაც სურს და მეორე მხარეს პასუხის საშუალებას არ აძლევს. დაცვის მხარეს ჩამოგვერთვა ხელწერილები, რომ არ გავახმაუროთ საქმის მასალები. ამაზე მეტი ჩაკეტვა რაღა უნდა იყოს?“, — ამბობს გელბახიანი.

ადვოკატის თქმით, კონკრეტულ მოლოდინებზე საუბარი მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ის ასევე აანონსებს, რომ თუ სხდომები მედიისთვის არ გაიხსნება, ინფორმაციას საზოგადოებას ყოველი სხდომის შემდეგ „ლაივ“ ფორმატში თავად მიაწვდის.

„პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, ვიდრე არ დაიწყება არსებითი განხილვა. ეს მაისში ან ივნისის დასაწყისში მოხდება. მაშინ გვექნება შესაძლებლობა, რომ სხდომების დახურვის შემთხვევაშიც კი, მედიას იმავე რეჟიმში მივაწოდო ინფორმაცია, როგორც ამას ელისო კილაძე აკეთებდა — ის ყოველდღე აცნობდა საზოგადოებას სიმართლეს. მინდა, რომ ეს ფორმატი აღდგეს და ადვოკატებისგან მიღებული ინფორმაცია ყოველი სხდომის შემდეგ გაშუქდეს“, — განუცხადა გელბახიანმა CNews-ს.

ცნობისთვის: დღეს, 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასასამართლო პერიოდი 25 მაისამდე გაახანგრძლივა. დღევანდელ სხდომას თავად ელისო კილაძეც ესწრებოდა, სადაც მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ე.წ. ქოლცენტრებთან და ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიშიო სინოდის სხდომას იწვევს-ბრძოლა პატრიარქობისთვის
შემდეგი სტატიათელავში ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს