ვალერი გელბახიანი: “გამოძიებას ვინ დაუკვეთა მიქაძეების დაჭერა?!” მტკიცებულება არაა, ხალხი დაჭერილია, ე.ი. რა ხდება?! ვიღაცამ უთხრა “დაიჭირეთ!” ჰოდა, გვითხრან ვინ დაუკვეთა

მერაბ ჯანგველაძის ძმის ლევანის გახმაურებულმა მკვლელობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და განსაკუთრებით, მის არაკანონმორჩილ ნაწილში – კრიმინალურ სამყაროში. ამ ვნებათაღელვის მასშტაბები, ბუნებრივია, გასცდა ქართულ კრიმინალურ სამყაროს.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობა თავიდანვე შეკვეთილ მკვლელობად მოინათლა და სასამართლოც სწორედ ამ ხაზს გაჰყვა. ამ ხაზს მიჰყვება კრიმინალური სამყაროც და დამკვეთსაც და შემსრულებელსაც ანგარიშსწორებით ემუქრება. მაგრამ მკვლელობის შემდეგ ორგანიზატორებად და შემსრულებლებად დასახელებულ პირებთან მიმართებაში მთლად ყველაფერი ნათელი არ არის. მეტიც, არც კი არის მტკიცებულებებით დადგენილი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, შეკვეთილი და ორგანიზებული მკვლელობა, რაც მთავარი ბრალდებულის, უძილაურის ჩვენებამაც დაადასტურა.

რა ხდება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, რა არის გამოძიებული, რა დარჩა გამოუძიებელი, ვინ დაკითხეს და ვინ გამოტოვეს და საერთოდაც, რა ფერი ძაფითაა ნაკერი ეს საქმე, ამის შესახებ შეკითხვებით “თაიმერმა” ვალერი გელბახიანს მიმართა…

-უკვე ერთ-ერთი ძირითადი განაჩენი ამ საქმეში, დადგენილია. უძილაურს, რომელიც არის ამ შემთხვევაში, გარდაცვლილის მკვლელი მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა და სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რაზედაც ალიბის სახით მიენიჭა თავად უძილაური.  ამიტომ, მისი წარმომადგენლები, ალბათ, ამ საკითხს სააპელაციო სასამართლოში გაააქტიურებენ, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენ არ შევდივართ, რადგანაც არ ვართ ბატონ უძილაურის ადვოკატები. ჩვენ ვიცავთ გიორგი და დავით მიქაძეების, ასევე გიორგი ჯოხაძეს. რაც შეეხება ამ სამ პირს, მათგან ერთი დაპატიმრებულია, ორის მიმართ ძაბნაა გამოცხადებული.

– აღნიშნული პირების სასამართლო როდის არის ჩანიშნული და რა საკითხები უნდა განიხილოს პროცესზე?!

მათი წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერსაა ჩანიშნული, სადაც სამი საკითხი განიხილება: 1. გიორგი მიქაძის აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საკითხი დარჩეს, თუ, არა ძალაში; 2. შეგროვილი მტკიცებულებების დასაშვებ მტკიცებულებებად ცნობა; 3. არსებით სასამართლო სხდომაზე საკითხის გადაცემა, თუ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა. ანუ, წინასასამართლო სხდომაზე ეს სამი საკითხი განიხილება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდება, რომ უნდა გადაეცეს საქმის მასალები არსებით განხილვას, ამ შემთხვევაში, იმსჯელებენ კოლეგიალურ სასამართლოს გადაეცეს, თუ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს. ამ საკითხზე ჩვენ ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, მაგრამ დანარჩენ ნაწილში, ჩვენ, ჩვენის მხრივ, ჩატარებული გვაქვს გამოძიება, რომელიც სრულიად გამორიცხავს ოფიციალური გამოძიების მიერ შეგროვილი მტკიცებულებებების ვერსიის არსებობას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 27 ნოემბერს, ალბათ, სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ უდანაშაულობის პრეზულმცია დაიცვას, უკანონოდ პასუხისგებაში მიცემული პირები გაათავისუფლოს და შეწყვიტოს დევნა, რადგანაც ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორებზე აგებული ვერსიები. საქმეში არ არსებობს შესაბამისი მამხილებელი ბუნებით რაიმე დოკუმენტი, ან მტკიცებულება.

– მაგრამ, პროკურატურას (თავის მხრივ) აქვს მტკიცებულებები, ხომ ასეა?!

– ის, რასაც პროკურატურა მიიჩნევს მტკიცებულებად არის ფარატინა ფურცელი, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია. მაგალითად: ანძები, რატომ არის კვეთაში; ამბასადორის შენობასთან რომ გაიარა მანქანამ, რატომ დააფიქსირა; ან, კიდევ ანძა რადგანაც აფიქსირებს გიორგი, ან დავით მიქაძის ნომერს, გამოდის, რომ იქ იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის! ანძას აქვს 30 კმ-იანი რადიუსი, ამიტომ ანძა ვერ გეუბნენა ზუსტ ადგილმდებარეობას, კონკრეტულად საიდან მოდის სიგნალი. ანძა გეუბნება, ამ 30 კმ-ის რადიუსში დაახლოებით საიდან შეიძლება მიღებულიყო სიგნალი. რაც იმას ნიშნავს, რომ, ირიბად შეიძლება არსებობდეს გარემოების მიმანიშნებლად, მაგრამ პირდაპირი მტკიცებულება ეს არ გახლავთ. მერე, მეორე ე.წ. მტკიცებულება, რასაც ეყრდნობა გამოძიება, არის ის, რომ თითქოს მივიდა დავით მიქაძე გიორგი ჯოხაძესთან სასტუმრო “თაუერში” და იქ მოილაპარაკეს და დაგეგმეს, აწ განსვენებული, ჯანგველაძის მკვლელობა. სულ 12 წუთიანი საუბარია დერეფანში, სადაც ფეხზე მდგომნი საუბრობენ სასტუმროს ბართან. ეს არის ხალხმრავალი ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი საუბრის მოსმენა. ჯერ ერთი, ამ საუბრის ჩანაწერი მათ არ აქვთ და სასაცილოა, ვერსია ააგო იმაზე, რომ შეხვდნენ და დაგეგმეს. რას ეყრდნობა ეს ვერსია?! არავითარ და არანაირ მტკიცებულებას, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ისინი შეხვდნენ! ასე, მეც ხშირად ვხვდები ამ საქმის პროკურორს, ბატონ, ლევან ვეფხვაძეს სასამართლოს ეზოში და ხანდახან ვესაუბრები კიდევაც. ამიტომ, ამ არგუმენტზე, რომ ვიღაცა ვიღაცას შეხვდა, მაშინ, როცა საუბრის შინაარსის დამადასტურებელი, არც ერთი დოკუმენტი არ არსებობს. სხვა, რომ არაფერი ვთქვათ, გამოძიებას არ ეკადრება იჭორაოს და მას  მტკიცებულება უწოდოს.

– ანუ, გამოდის შეკვეთასთან გვაქვს საქმე?!

– ხომ ვამბობთ, რომ “უძილაურს ვინ დაუკვეთა?!” მე სხვანაირად ვსვამ კითხვას: “გამოძიებას ვინ დაუკვეთა მიქაძეების დაჭერა?!” მტკიცებულება არაა, ხალხი დაჭერილია, ე.ი. რა ხდება?! ვიღაცამ უთხრა “დაიჭირეთ!” ჰოდა, გვითხრან ვინ დაუკვეთა. რადგანაც ხალხი დაჭერილია მტკიცებულების გარეშე და იზარალა ვიღაცამ, შეკვეთაა ეს ხომ?! აქედან გამომდინარე, “აღმა მოდავეს” პრინციპია. ჯერ იმაზე გაგვცენ პასუხი, მტკიცებულების გარეშე რატომ იჭერენ ადამიანს და მერე მეორე: ჩვენ, რა თქმა უნდა მომზდებული გვაქვს ჩვენი პაკეტი მტკიცებულებებისა, რომელიც საერთოდ გამორიცხავს ყველა ამ არგუმენტს, მაგრამ ამავდროულად, გვაქვს ნუსხა, თუ, რა არ გააკეთა სასამართლომ და გამოძიებამ, რომ საქმე სწორად წარემართათ.

– გამოძიების ვერსიები რამდენად სწორი მიმართულებისაა და ზოგადად, თქვენ რა კითხვები გაქვთ გამოძიებასთან?!

– გამოძიება თავიდან ბოლომდე აცდენილია სწორ ვერსიას, არადა, ამ ვერსიაზე საუბრობს, რუსული მედია, ინგლისურენოვანი მედია, მაგრამ საქართველოს პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოს, თითი არ დაუდია ამ ვერსიისთვის. თუ, შეკვეთილი არ არის მიქაძეების და ჯოხაძის თემა, იმ ვერსიას რატომ არ გაჰყვნენ?! რატომ არ შეამოწმეს მისი ავთენტურობა?! ანუ, კითხვებია ისეთი, რომ ვერ გაექცევა ამას ვერც ერთი გამოძიება, ვერც ერთი სასამართლო, ამას, უნდა უპასუხონ! შენ გინდა ერთია, მაგრამ გაქვს თუ არა საფუძველი ეს მეორეა. თუ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ კონსტიტუციით, საპროცესო კოდექსით და სამართლის ფუნდამენტალური ნაწილით, მაშინ სამართლის მიხედვით, ეს აბსურდია, რასაც გამოძიება ამბობს, მაგრამ თუ მორიგი ძალადობაა “მინდა და ვაკეთებ”, ჩვენ ცარიელი ხელებით მხოლოდ მხილება შეგვიძლია, სხვა არაფერი.

– როგორ ფიქრობთ, “ჭორზე” აგებული “მტკიცებულებებით”, რა შედეგი უნდა დადგეს?!

– პირველი ინსტანციის სასამართლოს ვინც თვალი მიადევნა, იქაც, მოსამართლემ განმარტება გააკეთა დარბაზში, რომ “მე შეკვეთის ნაწილში არ მიმსჯელია, იყო, თუ არა შეკვეთილი მკვლელობა”-ო და ამიტომ, სასამართლო განაჩენით არ არის დადგენილი, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. მან ასევე თქვა: “საქმეში  მტკიცებულებები არის თუ არა ჯერ არ მინახავს და მერე, მეორე ამ სამი პირის მიმართ აღძრულია საქმე, სხვა სასამართლო წარმოებაა და მე ვერ შევიდოდი მსჯელობაში, ვინაიდან, სხვა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ეს ხალხი, ვინც ორგანიზატორებად არის დასახელებული, მონაწილეობდა თუ არა, ამ მკვლელობის შეკვეთაში”. ანუ, თქვა უკვე პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომ შეკვეთილ მკვლელობას არ ჰქონდა ადგილი და გამომდინარე აქედან რას ველოდებით?! პირველი ნაბიჯი გადადგმულია, სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ შეკვეთილი მკვლელობა იყო და ვერც მომავალი სასამართლო ვერ დაადგენს ამას, რაც იმას ნიშნავს, რომ უდანაშაულო ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ. გაგვიჭირდება ეს ბრძოლა, ეს პრაქტიკულად არის სახელმწიფოსთან ბრძოლა, მაგრამ სიმართლე ერთია, ეს სიმართლე ჩვენს მხარეს არის და გავიმარჯვებთ! სათქმელი ბევრი გვაქვს….

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიბერლინის აეროპორტის მუშაობა დრონის გამო დროებით შეჩერებული იყო
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო