15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ვალერი გელაშვილი მისთვის დაკისრებულ 5-მილიონიან ჯარიმას მამუკა მდინარაძეს უკავშირებს – რას პასუხობენ “ოცნებაში”

ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი მისთვის დაკისრებულ 5-მილიონიან საგადასახადო ჯარიმას მამუკა მდინარაძეს უკავშირებს. გელაშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში ფულის გათეთრების ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს „მდინარაძის ხუშტურებს“ უწოდებს.
გელაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად დავის ბოლომდე გაგრძელებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება და თანხის გადახდა არჩია. გელაშვილის თქმითვე, ის ბოლო ორი წელია ვენესუელაში ცხოვრობს.
„მე კანონი არ დამირღვევია… ახალი წლის წინა დღეებში შემოწმება შემოვიდა და ასე თუ ისე ვარჩიე, რომ შეთანხმებაზე წავსულიყავი, თორემ ამ პროცესს არ ვაპირებდი და ბრძოლას ვაპირებდი ბოლომდე… არ იყო ფულის გათეთრება, ვისაც უნდა შევესპორები, ამაზე აუდიტორებიც მყავდა და ეს იყო არასწორი. ეგ იყო მდინარაძის ხუშტურები. სანამ გაუშვეს, მე უკვე ჯარიმა დამადებინეს“, — განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
საქმე ეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოს მდებარე ცათამბჯენს. 2021 წელს ვალერი გელაშვილმა გადაწყვიტა, კომპანიიდან, რომელიც აღნიშნული კორპუსის მშენებელია, წილი გამოესყიდა. ამავე კომპანიის მეწილე იყო „ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი ლერი ხაბელოვი. ჟურნალისტების კითხვებზე ხაბელოვმა განაცხადა, რომ საქმის კურსში არ არის და არაფერი იცის.
„ქართული ოცნების“ წევრები ყოფილ თანაგუნდელს დაკისრებული ჯარიმის გადახდისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ პროცესი სრულიად კანონიერია, მდინარაძის ხსენება კი მხოლოდ ყურადღების მიპყრობას ემსახურება.
გიორგი ვოლსკი:
„არც ვალერი გელაშვილი და არც ნებისმიერი სხვა ბიზნესმენი არ შეიძლება, უკანონოდ იყოს დასანქცირებული. ფაქტია, რომ კანონია გამოყენებული და დამოკიდებულება არის სამართლიანი. მამუკა მდინარაძის ხსენება თქვენი ყურადღების მისაქცევად არის გამოყენებული“.
ირაკლი ქადაგიშვილი:
„ეს არის ერთი ბიზნესმენის ერთი კერძო საქმე, აქვს კონკრეტული ვალდებულებები საგადასახადო სისტემასთან წარმოშობილი და კეთილი ინებოს, ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერად ემოქმედოს. არ არსებობს ეგეთი რამე, რომ ადგა და ჩეკი გამოუწერა მამუკა მდინარაძემ, 11 მილიონი გადაიხადეო?“.

banner
წინა სტატიაშისეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიათიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო