პოლიტიკური მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ვალერი ჩეჩელაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, ევროკომისიის კვლევით საქართველო მთავრობისადმი ნდობით ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რომ კვლევის მონაცემები რეალობას აცდენილია და მისი სანდოობა გადამოწმებას საჭიროებს.
პოლიტიკოსის თქმით, გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა საქართველო რეიტინგში ნორვეგიაზე მაღლა, სადაც მოსახლეობა საკუთარ ხელისუფლებას უდიდეს ნდობას უცხადებს:
„ნორვეგიაზე უკეთესი ქვეყანა ნამდვილად არ ვართ. ნორვეგიის სუვერენულ ნავთობის ფონდში თითო მოსახლეზე 400 ათასი დოლარია და რეფერენდუმზე ხალხმა უარი თქვა ამ თანხის გადანაწილებაზე — ეს არის ნდობის უმაღლესი ხარისხი. რა შეიძლება იყოს უფრო მეტი ნდობა, ვიდრე ის, როდესაც შენს კუთვნილ თანხას მთავრობას უტოვებ, რადგან თვლი, რომ უკეთ განკარგავს?“ — აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ჩეჩელაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ კვლევის მიერ მოცული პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს კორუფციის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებიან:
„როდესაც მერვე ადგილზე ვიყავით, ზუსტად იმ პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელობა ახლა ციხეშია კორუფციის, „ქოლცენტრებისა“ და სანქციების გვერდის ავლით. წამყვანი ფიგურები ციხეში არიან და ახლა ლაპარაკობს ბატონი ირაკლი კობახიძე, რომ აღარ არის კორუფცია? ჩემი ყველა შეგრძნება მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ არის თანხვედრაში რეალობასთან“, — განაცხადა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპის საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.








