ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

თბილისში, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაცია განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტსა და განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ვაკის რაიონში ვაპირებთ ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განათებებით, გამწვანებებით და იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, 2019 წელს ფინანსთა სამინისტროდან დამატებით მიღებული თანხებით, თბილისის მერია დაიწყებს ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე დაიწყება თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწყობა.

„ვიცით, რა მდგომარეობაა იქ, კატასტროფულად მძიმე სიტუაციაა. შესაბამისად, ამის მოწესრიგება არის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე დაგეგმილია ორი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რისთვისაც უკვე შერჩეულია კონკრეტული ლოკაციები – ვარკეთილი და დიდი დიღომი.

ამასთან, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

„იქაც ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ასევე, მნიშვნელოვანია მაჭავარიანისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც 2019 წელს დაიწყება. გვინდა, ლისიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა გავაკეთოთ, რომელიც ვეფხი და მოყმესთან ჩამოვა და გელოვანის გამზირს დაუკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე : ტერორიზმთან ეფექტიანად ბრძოლისთვის აუცილებელია კოორდინაცია და ისეთი ფუნდამენტური დოკუმენტები, როგორც სუს-ის მიერ წარმოდგენილი სტრატეგიაა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : დღეს „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია, გელოდებით, 28 დეკემბერს ერთად დავხვდეთ