ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, კომპანია „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ფურცხვანიძის განცხადებით, იგი პენიტენციური დაწესებულებიდან ელექტრონული სამაჯურით გამოვიდა, რაც უდოს (პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების) კომისიის გადაწყვეტილებას ეფუძნება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 10 ივლისს, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულ რვა პირს პატიმრობა მიუსაჯა, მათ შორის ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა უხარისხო სამუშაოების შესრულება, რამაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალება და ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, ასევე ყალბი დოკუმენტების გამოყენება.
თავად ფურცხვანიძე განაჩენის გამოცხადებისას აცხადებდა, რომ გამოძიებამ არ დაადგინა ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი. გათავისუფლების შემდეგ, ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა, რომ „გრინსერვისი+“-ში დაბრუნებას არ აპირებს.














