ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად გაეცნო.

წინასაპროექტო სამუშაოების ფარგლებში, 2019 წელს სახელოვნებათმცოდნეო კვლევა ჩატარდა, რომლის რეკომენდაციების საფუძველზე, პარკის პროექტი დამუშავდა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე განხორციელდება.

„თბილისელებს ჩავაბარებთ აბსოლუტურად რეაბილიტირებულ პარკს. ვაკის პარკი ისტორიული ძეგლია. შესაბამისად, ყველა ის დეტალი, რაც ტერიტორიას ახასიათებს, შენარჩუნდება და აღდგება. გარდა ამისა, აღდგება და განახლდება პარკისთვის დამახასიათებელი დენდროლოგია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტერიტორია იქნება ადაპტირებული, როგორც შშმ პირებისთვის, ასევე, ველობილიკით მოსარგებლეებისთვის. გვაქვს ველობილიკის ახალი, ძალიან კარგი ქსელი, რომელიც პარკის მსგავსად, ბრიტანულმა კომპანიამ დააპროექტა. აღნიშნულ კომპანიას ისტორიული პარკების დაგეგმარების თვალსაზრისით, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, ძალიან მალე დაიწყება შადრევნის სრული რეაბილიტაცია. პარკში არსებული შადრევანი, რომელიც პრაქტიკულად, რამდენიმე ათეული წელია არ მუშაობს, თბილისს პირვანდელი სახით დაუბრუნდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, უცვლელი დარჩება პარკის არსებული გეგმარება; ეტაპობრივად დაიხურება გარკვეული ზონები და სამუშაოები ჩატარდება ისე, რომ პარკის ვიზიტორებისთვის ნაკლები დისკომფორტი შეიქმნას; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, ასევე, მოხდება უსახური, დაუსრულებელი კონსტრუქციების დემონტაჟი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდება მცენარეული საფარი.

პარკში არსებული ჩოგბურთის კორტები და კალათბურთის მოედანი შენარჩუნდება უცვლელად. ასევე, სრულად რეაბილიტირდება პარკში არსებული ღია კინოთეატრის შენობა. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე, სარწყავი, ელექტრომომარაგების სისტემა და საპარკე ინფრასტრუქტურა.

სამუშაოების ფარგლებში, პარკში ცხოველების სასეირნოდ ახალი სივრცე, საპიკნიკე ზონა, საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები და სამაგიდო თამაშების ზონები მოეწყობა; განახდება ველობილიკი და შეიცვლება ტრაექტორია; საფეხმავლო ბილიკებზე მოეწყობა წითელი წიდის მსხვილი ფრაქციის განახლებული საფარი.

პარკის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება ისტორიულ მოტივებზე შექმნილი დიზაინის სკამები და განათების ბოძები; აღდგება ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ოვალური შადრევნის ფორმა; კუს ტბის ფერდზე განახლდება გადმოსახედი და მოეწყობა მასთან მისასვლელი ბილიკები ბუნებრივი საფარით; პარკის ტერიტორია გადანაწილდება ორგანიზებულად, რათა აქტიური და პასიური ზონები ერთმანეთისგან გაიმიჯნოს; აიკრძალება ავტომობილებით გადაადგილება და ჩაიკეტება კუს ტბის გზის შესასვლელი.

პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე, რომლის პროექტიც უკვე დასრულებულია. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით, რაც ამჟამად არსებობს. ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემა.

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

banner
წინა სტატიაში“ლელოს“ ერთ-ერთ აქტივისტს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაალადაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა