25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ვაკის კორტებთან მოკლული ბიზნესმენის ოჯახი, ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა

ვაკის კორტებთან მოკლული ბიზნესმენის, მალხაზ ბოკუჩავას ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დანაშაულში ბრალდებული მალხაზ ბაგათელიას შეურაცხადობა დადგინდა, არ ენდობა.

როგორც ბოკუჩავას ახლობლები აცხადებენ, ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია, არაკომპეტენტურადაა ჩატარებული, ან კორუფციული გარიგების შედეგია.

“მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბაგათელიამ ცოლის სახელზე არსებული ქონება გაასხვისა სიძეზე. და, რომელიც სამუშაოდ იყო საბერძნეთში წასული, სასწრაფო წესით მოიყვანა საქართველოში. დამ ახლობლებს განუცხადა, რომ მის ძმას სჭირდებოდა დახმარება. კიდევ ერთი ქონება დის სახელზე გადააფორმა ფორმალურად. ასევე ფორმალურად განქორწინდა, თუმცა ცოლმა გამოძიებას განუცხადა, რომ ეს იყო ფორმალური განქორწინება იმიტომ, რომ მის მეუღლეს დასჭირდა ეს, თუმცა არ დააკონკრეტა რისთვის დასჭირდა.

გაყიდა ძვირადღირებული ავტომობილი, მერსედესის ფირმის, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 80 000 დოლარია და შეიძინა შედარებით ბიუჯეტური ავტომობილი. ასევე, წინასწარ შეიძინა მაყუჩიანი იარაღი და წინასწარ მოამზადა გასაქცევი ჩანთა…

სამოქალაქო ბრუნვიდან არის ამოღებული ხო და რიგით მოქალაქეებს არ შეგვიძლია მაღაზიაში შევიდეთ და შევიძინოთ მაყუჩიანი იარაღი. ის მზადდება კუსტარული წესით და გამოიყენება იმისთვის, რომ დანაშაული დაიფაროს, ან გაადვილდეს დანაშაულის ჩადენა. ისმის კითხვა, თუ ეს გააზრებული არ ჰქონდა ბაგათელიას, მაშინ რისთვის მივიდა მკვლელობის ადგილას მაყუჩიანი იარაღით?!“ [TV პირველი]- – ამბობს მოკლული ბიზნესმენის ოჯახი.

მალხაზ ბოკუჩავა 2025 წლის 31 დეკემბერს, ვაკის კორტების მიმდებარედ ჩაცხრილეს. მკვლელობის საქმეზე მალხაზ ბაგათელია დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.

10 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ბაგათელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ვინაიდან მას ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეურაცხადობა დაუდგინდა. ბაგათელიას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაენიშნა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს