ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა

ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების, საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებისა  და განტვირთვის მიზნით, დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი გამოიყოფა.

კახა კალაძის თქმით, საავტომობილო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩება.

„სამუშაოები გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. კერძოდ, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. ასევე, უსაფრთხო საფეხმავლო გადაადგილებისთვის მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები.  მნიშვნელოვანია, რომ სამანქანო ზოლების რაოდენობა დარჩება უცვლელი. გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება.

„პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ერთობლივად განახორციელებენ. ეს საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია, უამრავი ავტომანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება დღის განმავლობაში. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, დაგეგმილი სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში ჩატარდება, რომ გადაადგილება არ შეიზღუდოს“, –  აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშინინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება
შემდეგი სტატია“რასაც გვეუბნებით ჩვენთვის მიუღებელია, არც კი ვიცნობთ ერთმანეთს” – სასამართლოში სასახლის ღობის საქმის განხილვა დაიწყო